ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 34
- 1იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსების წინააღმდეგ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, ისრაელის მწყემსებს, საკუთარ თავებს რომ მწყემსავენ! განა ფარა არ უნდა მწყემსონ მწყემსებმა?
- 3ცხიმს ჭამთ, მატყლს იცვამთ და მსუქან ცხვარს კლავთ, მაგრამ ფარას არ მწყემსავთ.
- 4სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით ბატონობთ მათზე.
- 5მიმოიფანტნენ მწყემსის გარეშე, ველის მხეცებს გაუხდნენ კერძად და გაიფანტნენ.
- 6ყველა მთასა და მაღალ ბორცვზე დაწანწალებს ჩემი ფარა, მიმოიფანტა მთელ ქვეყანაზე ჩემი ფარა და არავინაა მძებნელი და მომკითხავი.
- 7ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა:
- 8ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, რადგან დასატაცებელი გახდა ჩემი ფარა და ველის მხეცთა კერძად იქცა ჩემი ცხვარი უმწყემსობის გამო; რადგან არ მოიკითხეს მწყემსებმა ჩემი ცხვარი, არამედ საკუთარ თავებს მწყემსავდნენ, ჩემს ცხვრებს კი - არა!
- 9ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა,
- 10ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მწყემსების წინააღმდეგ ვარ და მათ მოვკითხავ ჩემს ცხვრებს! ჩამოვართმევ ფარაზე მწყემსობას და ვეღარც საკუთარ თავებს დამწყემსავენ! წავგლეჯ ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ იქნებიან მათი კერძნი!
- 11რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, თვითონ მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვიძიებ მას.
- 12როგორც მწყემსი ეძებს თავის ფარას, როცა თავის გაფანტულ ცხვარშია, ისე მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და ვიხსნი ყველა ადგილიდან, სადაც ღრუბლიან და ბურუსიან დღეს გაიფანტნენ.
- 13გამოვიყვან მათ სხვადასხვა ხალხიდან, შევაგროვებ ქვეყნებიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე; დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებსა და ხევებში და ქვეყნის ყველა სამკვიდრებელში.
- 14პოხიერ საძოვარზე ვაძოვებ, ისრაელის მაღალ მთებში ექნებათ ფარეხები. იქ განისვენებენ შვებით და ისრაელის მთათა ნოყიერ საძოვრებზე იბალახებენ.
- 15თვითონ ვაძოვებ ჩემს ცხვარს და მოვასვენებ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 16"დაკარგულს მოვიკითხავ და გზააბნეულს უკან დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, ჩასუქებულს და გულგასასტიკებულს კი გავანადგურებ; სიმართლით დავმწყემსავ მათ!
- 17თქვენ კი, ჩემო ფარავ! ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, მე განვსჯი სამართალს კრავსა და კრავს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის.
- 18განა გეცოტავებათ პოხიერ მოლზე ძოვა, დანარჩენ საძოვარს ფეხით რომ თელავთ? დაწმენდილ წყალს სვამთ, დარჩენილს კი ფეხით რომ ამღვრევთ?
- 19ჩემი ცხვარი თქვენი ფეხით გათელილს უნდა ჭამდეს და თქვენი ფეხით ამღვრეულს სვამდეს?
- 20ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები განმკითხველი მსუქან და გამხდარ კრავს შორის.
- 21ვინაიდან გვერდებით, მხრებითა და რქებით აწვებით სუსტებს, რომ გარეთ გარეკოთ ისინი.
- 22მე გამოვიხსნი ჩემს ცხვრებს, მეტად აღარ იქცევიან ნადავლად! განმკითხველი ვიქნები კრავსა და კრავს შორის!
- 23გავამწესებ მათზე ერთ მწყემსს და ის მოაძოვებს; დავითს, ჩემს მსახურს! ის დაანაყრებს მათ და მათი მწყემსი იქნება.
- 24მე, უფალი, ვიქნები მათთვის ღმერთი და ჩემი მსახური დავითი იქნება მთავარი მათ შორის. მე, უფალმა, ვილაპარაკე.
- 25მშვიდობის აღთქმას დავუდებ მათ და ბოროტ მხეცებს აღვგვი ამ ქვეყნიდან, რომ უსაფრთხოდ იცხოვრონ უდაბნოში და ეძინოთ ტყეებში.
- 26მივცემ მათ კურთხევას ჩემი მთის შემოგარენში; თავის დროზე ვაწვიმებ; კურთხევის წვიმები იქნება.
- 27ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.
- 28მეტად აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და საკბილოდ მიწის მხეცებისთვის, უსაფრთხოდ იცხოვრებენ და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.
- 29აღვუდგენ სასახელო ნერგს და აღარ იქნებიან შიმშილის მსხვერპლნი ამ ქვეყანაზე; აღარც ხალხების სირცხვილს იტვირთავენ.
- 30და მიხვდებიან, რომ მე, უფალი, მათი ღმერთი ვარ მათთან და რომ ისინი, სახლი ისრაელისა - ჩემი ხალხია! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 31და თქვენ, ჩემო ფარავ, ჩემი სამწყსოს ცხვრებო, ადამიანები ხართ, მე კი - თქვენი ღმერთი!” - ამბობს უფალი ღმერთი.
იტვირთება შემდეგი თავი