ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 35
- 1და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! სეყირის მთისკენ მიმართე სახე და იწინასწარმეტყველე მასზე.
- 3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, სეყირის მთაო, ხელს მოგიღერებ, გაგაუდაბურებ და გაგაპარტახებ.
- 4შენს ქალაქებს ნანგრევებად ვაქცევ და უკაცრიელი გახდები. მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი.
- 5იმის გამო, რომ საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილის ძალას გადასცემდი ისრაელის ძეთ მათი უბედურების ჟამს, იმ დროს, როცა დასრულდა მათი დანაშაულის ჟამი.
- 6ამიტომ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სისხლს ღვრად გადენ და სისხლი დაგედევნება, რაკი არ შეიძულე სისხლისღვრა, სისხლი დაგედევნება.
- 7გავაპარტახებ და უკაცრიელად ვაქცევ სეყირის მთას; მოვკვეთ იქ გამვლელსა და გამომვლელს.
- 8დახოცილებით გავავსებ მის მთებს, მახვილით განგმირულნი დაეცემიან შენს გორაკებზე, ხევებსა და ხეობებში.
- 9საუკუნოდ გაუკაცრიელდები, შენი ქალაქები აღარ აშენდება; მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
- 10რაკი ამბობდი: ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა ჩემი იქნება და ჩვენ დავიმკვიდრებთო მათ! იქ კი უფალი იყო.
- 11ამიტომ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ შენი რისხვისა და შენი შურისამებრ არ მოგექცე, მათდამი სიძულვილით რომ გამოავლინე; მსჯავრს რომ დაგდებ, ჩემს თავს მაშინ გამოვუცხადებ მათ.
- 12მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალმა, მოვისმინე ყველა შენი ლანძღვა, ისრაელის მთების წინააღმდეგ წარმოთქმული; ამბობდი: გაუკაცრიელდნენ და ჩვენ მოგვეცა საჭმელადო!
- 13ჩემს წინააღმდეგ ქედმაღლურად ლაპარაკობდით, სიტყვებს ამრავლებდით ჩემს წინააღმდეგ; მოვისმინე ეს.
- 14ასე ამბობს უფალი ღმერთი: მთელი ქვეყანა რომ გაიხარებს, მაშინ გაგაუკაცრიელებ.
- 15როგორც ისრაელის ტაძრის სამემკვიდრეოს გაუკაცრიელებაზე ხარობდი, ასევე მოგექცევი შენ. მთლიანად უკაცრიელი გახდები, სეყირის მთაო და მთელო ედომო. მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.
იტვირთება შემდეგი თავი