ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 36
- 1"და შენ, ძეო კაცისავ! უწინასწარმეტყველე ისრაელის მთებს და უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფლის სიტყვა.
- 2ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ნათქვამი აქვს მტერს თქვენს წინააღმდეგ: აჰა, ჩვენი კუთვნილება გახდა მარადიული სიმაღლეები!
- 3ამიტომ იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმიტომ, სწორედ იმიტომ, რომ ყოველი მხრიდან ესწრაფვიან თქვენს გადაყლაპვას, რათა წარმართთა ნატამალი დაგეუფლოთ და გადაეცეთ მოლაპარაკეთა ბაგეთ და ენას, ხალხებში საძაგებლად,
- 4ამიტომ, მთებო ისრაელისა, ისმინეთ, ამბობს უფალი ღმერთი: ამას ამბობს უფალი ღმერთი, მთებსა და ბორცვებზე, კალაპოტებსა და ხეობებზე, აოხრებულ ნანგრევებსა და მიტოვებულ ქალაქებზე, რომლებიც ნადავლად და დასაცინად გახდნენ წარმართთა ნატამალისთვის, რომლებიც ირგვლივ არიან.
- 5ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: განა ჩემი შურისგების ცეცხლში არ წარმოვთქვი ამ ხალხების ნატამალსა და მთელ ედომზე, ჩემი ქვეყანა რომ სამემკვიდრეოდ მიითვისეს გულში სიხარულით და სულში სიძულვილით, რათა ნადავლად ექციათ იგი?!
- 6ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებსა და ბორცვებს, კალაპოტებსა და ხეობებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე ჩემი შურისგებით ვილაპარაკე, რადგან ხალხთა სირცხვილი იტვირთეთ!
- 7ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ფიცით შევმართე ხელი, რომ თქვენს ირგვლივ მყოფი ერები, თვითონ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს.
- 8თქვენ კი, მთანო ისრაელისა, გამოიზრდით ტოტებს და ნაყოფს მოუტანთ ჩემს ხალხს, ისრაელს, რადგან მალე მოვა იგი.
- 9რადგან, აჰა, მე ვზრუნავ თქვენზე და მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ.
- 10გავამრავლებ თქვენზე ადამიანს, მთელ ისრაელის ხალხს, მთლიანად დასახლდებით, გამოცოცხლდება ქალაქები და აღდგება ნანგრევები.
- 11გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და საქონელს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ. დაგაფუძნებთ წინანდებურად და პირვანდელზე უკეთესად იქნებით. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
- 12მოგიყვანთ ადამიანებს, ჩემს ხალხს, ისრაელს და დაგეუფლებიან; იქნებით მათი სამკვიდრებელი და მეტად აღარ დარჩებით უშვილძიროდ.
- 13ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან გეუბნებიან, კაცთა მშთანმთქმელი და ერის უშვილოდ დამტოვებელი ხარო!
- 14ამიტომ აღარ შთანთქავ ადამიანებს და შენს ხალხს უშვილოდ აღარ დატოვებ! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 15აღარც ლანძღვას მოგასმენინებ ხალხთაგან, აღარც შერცხვენას იტვირთავ მათგან და შენს ხალხსაც მეტად აღარ დააბრკოლებ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 16კვლავ იყო სიტყვა უფლისგან ჩემდამი:
- 17"ძეო კაცისავ! თავისი საქციელით შებილწა ისრაელის სახლმა საკუთარი მიწა, რომელზეც ცხოვრობდა. წიდოვანის უწმიდურებასავით შეიქნა მათი გზა ჩემ წინაშე.
- 18და გადმოვღვარე ჩემი გულისწყრომა იმ სისხლის გამო, მიწაზე რომ დაღვარეს და თავიანთი კერპებით შებილწეს იგი.
- 19გავფანტე ისინი ხალხებში და განვაბნიე ქვეყნებში; მათი გზებისა და საქმეების მიხედვით განვიკითხე ისინი.
- 20მივიდნენ იმ ხალხებთან, ვისთანაც გავყარე და იქ შებღალეს ჩემი წმიდა სახელი, რადგან მათზე ამბობდნენ: ესენი უფლის ხალხია, მისი მიწიდან არიან გამოსულნიო.
- 21დავზოგე ჩემი წმიდა სახელი, ისრაელის სახლმა რომ შებღალა იმ ხალხებში, სადაც მივიდა.
- 22ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, იმ ხალხებში რომ შებღალე, სადაც მიხვედი.
- 23განვწმედ ჩემს დიად სახელს, ხალხებში შებღალულს, თქვენ რომ შებღალეთ მათ შორის და გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ უფალი! ამბობს უფალი ღმერთი, როცა მათ თვალწინ განვიწმიდები თქვენში.
- 24აგიყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.
- 25გასხურებთ წმიდა წყალს და გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილწისგან; ყველა თქვენი კერპისგან გაგასუფთავებთ.
- 26ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
- 27ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ.
- 28დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.
- 29მე გიხსნით ყველა თქვენი სიბინძურისგან, მოვუხმობ ხორბალს, გავამრავლებ და არ მოვაწევ თქვენზე შიმშილს.
- 30უხვად მოგცემთ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა მეტად აღარ ითმინოთ შიმშილის გამო შერცხვენა ხალხებში.
- 31გაგახსენდებათ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი საქმენი და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი ურჯულოებისა და სისაძაგლეების გამო.
- 32თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, ამბობს უფალი ღმერთი, გაიგეთ! თქვენი გზების გამო შეგრცხვეთ, სახლო ისრაელისა.
- 33ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს, ყველა თქვენი ურჯულოებისგან რომ განგწმედთ, დავასახლებ თქვენს ქალაქებს და კვლავ აღორძინდებიან თქვენი ნანგრევები;
- 34დამუშავდება გაპარტახებული მიწა, გაუდაბურებული რომ იყო ყოველი გამვლელის თვალში.
- 35იტყვიან: ედემის ბაღად იქცა ეს აოხრებული ქვეყანაო; ნანგრევები, დაუსახლებელი და დანგრეული ქალაქები გამაგრდება და დასახლდება.
- 36მიხვდებიან გარშემო შემორჩენილი ხალხები, რომ მე, უფალმა, აღვადგინე დანგრეული და დავრგე გაუდაბურებული! მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთებ!
- 37ასე ამბობს უფალი ღმერთი: ამაშიც ვუპასუხებ ისრაელის ტაძრის ლოცვას: ცხვარივით გავამრავლებ ხალხს.
- 38სამსხვერპლო ვერძებით, როგორც ცხვრით, ხომ ივსება სადღესასწაულო იერუსალიმი, ასე გაივსება დანგრეული ქალაქები ადამიანებით. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი”.
იტვირთება შემდეგი თავი