ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 37

  1. 1
    უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე.
  2. 2
    გამატარა მათ შორის; ირგვლივ, აჰა, ფრიად ბევრი ეყარა ველზე და ძალზე გამხმარი იყო.
  3. 3
    მკითხა: "ძეო კაცისავ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?” ვთქვი: "უფალო ღმერთო, შენ იცი!”
  4. 4
    მითხრა: "უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა.
  5. 5
    ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, სულს შევიყვან თქვენში და გაცოცხლდებით.
  6. 6
    ძარღვებს მოგცემთ, ხორცით შეგმოსავთ, კანით დაგფარავთ და სულს ჩაგბერავთ, რომ გაცოცხლდეთ; გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი”.
  7. 7
    ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე; ვწინასწარმეტყველებდი, რომ ხმაური გავიგონე და, აჰა, ზანზარი და ძვალი თავის ძვალს მიედგა.
  8. 8
    შევხედე და, აჰა, ძარღვები აჩნდება, ხორცით იმოსება და კანით იფარება, სული კი არ იყო მათში.
  9. 9
    მითხრა: "უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო და შთაბერე ამ დახოცილებს, რომ გაცოცხლდნენ”.
  10. 10
    ბრძანებისამებრ ვიწინასწარმეტყველე, შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; ფრიად დიდძალი ლაშქარი წამოდგა ფეხზე.
  11. 11
    მითხრა: "ძეო კაცისავ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ, გახმა ჩვენი ძვლები, დაიღუპა ჩვენი იმედი, მთლიანად ამოვიხოცეთო!”
  12. 12
    ამიტომ უწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო, და ისრაელის მიწაზე მოგიყვანთ.
  13. 13
    მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენს საფლავებს რომ გავხსნი და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო!
  14. 14
    ჩემს სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; თქვენს მიწაზე დაგსვამთ და გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე” - ამბობს უფალი.
  15. 15
    და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
  16. 16
    "ძეო კაცისავ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე: იუდასთვის და მისი თანამდგომი ისრაელის ძეთათვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის ნაჭერი) და მისი თანამდგომი მთელი ისრაელის ტაძრისთვის.
  17. 17
    შემდეგ ერთმანეთს მიადგი, ერთი მეორე ნაჭერს, რათა ერთ ხედ გახდეს შენს ხელში.
  18. 18
    როცა გკითხავენ შენი ერის ძეები: გვითხარი, ეს რას ნიშნავსო?
  19. 19
    უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების ხის ნაჭერს, რომელიც ეფრემის და მის თანამდგომ ისრაელის ძეთა ხელშია და მივუდგამ მას იუდას ხის ნაჭერს, ერთ ხედ ვაქცევ მათ და ერთნი იქნებიან ჩემს ხელში.
  20. 20
    ხის ნაჭრები, ზედ რომ დააწერე, ხელში გეჭირება მათ თვალწინ.
  21. 21
    უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე გამოვიყვან ისრაელის ძეებს იმ ხალხებიდან, რომლებთანაც მივიდნენ; ყოველი მხრიდან შევკრებ მათ და თავიანთ მიწაზე მოვიყვან;
  22. 22
    იქ, ისრაელის მთებზე, ერთ ხალხად ვაქცევ მათ ქვეყანაში, ერთი მეფე ეყოლება ყველას მეფედ, აღარასოდეს იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ.
  23. 23
    აღარ შეიბილწებიან თავიანთი კერპებით, თავიანთი სისაძაგლეებით, არანაირი შეცოდებებით; ვიხსნი მათ ყოველი მათი საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ და განვწმენდ მათ. ჩემს ხალხად იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები.
  24. 24
    ჩემი მსახური დავითი ეყოლებათ მეფედ და ერთი მწყემსი ეყოლება ყველას; ჩემი სამართლით ივლიან, ჩემს დადგენილებებს დაიცავენ და შეასრულებენ.
  25. 25
    იცხოვრებენ იმ მიწაზე, ჩემს მსახურ იაკობს რომ მივეცი, სადაც თქვენი მამები ცხოვრობდნენ, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე; დავითი, ჩემი მსახური, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე.
  26. 26
    მშვიდობის აღთქმას დავდებ მათთან და საუკუნო აღთქმა იქნება მათთვის; დავამკვიდრებ მათ, გავამრავლებ და ჩემს საწმიდარს დავდგამ მათ შორის საუკუნოდ.
  27. 27
    ჩემი სამყოფელი იქნება მათთან; მათი ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან.
  28. 28
    მაშინ გაიგებენ ერები, რომ მე ვარ უფალი, ისრაელის განმწმედელი, როცა ჩემი საწმიდარი იქნება მათ შორის საუკუნოდ”.
იტვირთება შემდეგი თავი
ეზეკიელი 37 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა