ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 38
- 1და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! სახე მიაპყარი გოგს, მაგოგის ქვეყანაში, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლეს მთავარს და იწინასწარმეტყველე მასზე.
- 3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ, გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესო მთავარო!
- 4მოგაბრუნებ და კავებს გაგიყრი ყბებში; გამოგიყვან შენ და მთელ შენს ლაშქარს, ცხენებსა და მხედრებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ყველას, დიდ სიმრავლეს აბჯრითა და ფარით, მახვილის ყველა დამჭერს;
- 5სპარსეთთან, ქუშთან და ფუტთან ერთად, თითოეულს ფარითა და მუზარადით;
- 6გომერთან და მთელ მის რაზმთან, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეგანიდან თავისი რაზმებით, მრავალ ხალხებთან ერთად.
- 7გაემზადეთ და საჭურველი აისხით შენ და მთელმა შენმა რაზმმა, შენთან შემოკრებილმა, და სარდლად დაუდექი.
- 8მრავალი დღის შემდეგ იქნები მონახულებული, წლების ბოლოს მოხვალ ურიცხვ ხალხთაგან შემოკრებილ, მახვილისგან გათავისუფლებულ მიწაზე, ისრაელის მთებზე, მუდამ რომ გაუდაბურებულნი იყვნენ; თუმცა ახლა, ხალხებიდან გამოსულნი, უსაფრთხოდ დასახლდებიან ყველანი.
- 9ქარიშხალივით მოხვალ და ნისლივით დაფარავ ქვეყანას, შენ და მთელი შენი ხალხის ლაშქარი.
- 10ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს მოგივა გულში ფიქრები და ბოროტ გეგმას განიზრახავ;
- 11იტყვი: აღვდგები უგალავნო ქვეყანაზე, მივადგები მოსვენებულ, უსაფრთხოდ მცხოვრებთ, უკედლებოდ რომ ცხოვრობენ, ურდულებისა და კარების გარეშე.
- 12რომ გაძარცვო და ნადავლი დაიტაცო, ხელი აღმართო ხელახლა აღდგენილ ნანგრევებზე, ხალხთაგან გამოკრებილ ერზე, საქონლისა და სიმდიდრის მქონეზე, ხალხზე, რომელიც დედამიწის შუაგულში მკვიდრობს.
- 13შება და დედანი, ვაჭარნი თარშიშელნი და მათი ბოკვრები გკითხავენ: ნადავლის მისატაცებლად მოხვედი? საძარცვად შეკრიბე შენი ლაშქარი, ვერცხლისა და ოქროს წასაღებად, საქონლისა და დოვლათის ხელში ჩასაგდებად, დიდი ნადავლის მისატაცებლად?
- 14ამიტომ იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი გოგს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: განა არ გეცოდინება იმ დღეს, ჩემი ხალხი, ისრაელი რომ უსაფრთხოდ იცხოვრებს?
- 15მოხვალ შენი სამყოფელიდან, ჩრდილოეთის კიდიდან, შენ და უთვალავი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე მსხდომნი, დიდი მხედრობა და დიდძალი ლაშქარი.
- 16აღდგები ჩემს ხალხზე, ისრაელზე, როგორც ნისლი, ქვეყანას რომ ფარავს; უკანასკნელ დღეებში იქნება ეს, მე მოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა გამიცნონ ხალხებმა, როდესაც მათ თვალწინ გავაცხადებ ჩემს სიწმიდეს, შენი მეშვეობით, გოგ!
- 17ასე ამბობს უფალი ღმერთი: განა ის არა ხარ, ვისზეც გარდასულ დღეებში მითქვამს ჩემი მსახურების, ისრაელის წინასწარმეტყველების პირით, რომლებიც იმ დღეებში წინასწარმეტყველებდნენ, რომ მოგიყვანდი მათ წინააღმდეგ?
- 18და იქნება იმ დღეს, როცა გოგი მოადგება ისრაელის მიწას, ამბობს უფალი ღმერთი, გადმოვღვრი ჩემს გულისწყრომასა და რისხვას.
- 19ვთქვი ჩემს შურისგებასა და რისხვის ცეცხლში: ნამდვილად დიდი რყევა იქნება იმ დღეს ისრაელის მიწაზე.
- 20შეარყევს ჩემი შიში ზღვაში თევზებს და ცაში ფრინველებს, მინდვრის მხეცებს, ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე მცოცავს და ყოველ ადამიანს მიწის ზედაპირზე; ჩამოემხობიან მთები, ჩამოიქცევიან კიბეები და ყოველი კედელი მიწას დაენარცხება.
- 21ჩემს ყველა მთაზე მოვუხმობ მახვილს გოგის წინააღმდეგ, ამბობს უფალი ღმერთი, თითოეულის მახვილი თავისი ძმის წინააღმდეგ იქნება.
- 22განვიკითხავ მას შავი ჭირითა და სისხლით, წვიმის ნიაღვრებით და სეტყვით; ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მასზე და მის რაზმებზე, მრავალ ხალხზე, მასთან რომ იქნებიან.
- 23განვდიდდები, წმიდად გამოვჩნდები და გამოვცხადდები მრავალი ერის თვალწინ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი”.
იტვირთება შემდეგი თავი