ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 41
- 1მიმიყვანა ტაძართან და სვეტები გაზომა: სიგანე ექვსი წყრთა იყო ერთ მხარეს და სიგანე ექვსი წყრთა - მეორე მხარეს; ეს იყო იმ კარვის სიგანე.
- 2შესასვლელის სიგანე - ათი წყრთა; შესასვლელის გვერდები - ხუთი წყრთა ერთ მხარეს, ხუთი წყრთა - მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე და ორმოცი წყრთა იყო, სიგანე - ოცი წყრთა.
- 3შიგნით შევიდა და შესასვლელის გვერდითი სვეტი გაზომა: ორი წყრთა, შესასვლელი - ექვსი წყრთა სიმაღლეში, ხოლო სიგანე - შვიდი წყრთა.
- 4გაზომა მისი სიგრძე: ოცი წყრთა, სიგანე - ოცი წყრთა ტაძრის წინ. მითხრა: "ეს წმიდათა წმიდაა”.
- 5შემდეგ ტაძრის კედელი გაზომა - ექვსი წყრთა, გვერდითი ოთახის სიგანე - ოთხი წყრთა, ტაძრის ირგვლივ.
- 6გვერდითი ოთახები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად, ოცდაათი ოთახი თითო სართულზე; კედლამდე აღწევდნენ, სახლს რომ ჰქონდა ირგვლივ ოთახებისთვის, ერთმანეთი რომ გაემაგრებინათ და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.
- 7ფართოვდებოდა და იხვეოდა მაღლა მიმავალი საფეხურები გვერდითა ოთახებისკენ, რადგან ტაძრის დახვეული საფეხურები მიიწევდნენ მაღლა-მაღლა, ტაძრის ირგვლივ; ამიტომ განიერდებოდა ტაძრის სიმაღლის კვალობაზე და ამგვარად, ქვედა სართულიდან ზედაზე ადიოდნენ შუა სართულის საშუალებით.
- 8დავინახე, რომ სახლს შემაღლებული ბაქანი ჰქონდა ირგვლივ; გვერდითი ოთახების საძირკველი სრული ექვსი წყრთა იყო.
- 9კედლის სიგანე, გვერდითა ოთახებს რომ ჰქონდა, გარედან ხუთი წყრთა იყო, ხოლო ღია სივრცე ოთახებს შორის სახლს ეკუთვნოდა.
- 10ოთახებს შორის მანძილი ოცი წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ.
- 11გვერდითი ოთახიდან ცარიელ ადგილზე იყო გასასვლელი: ერთი გასასვლელი ჩრდილოეთით და ერთი გასასვლელი სამხრეთით; ცარიელი ადგილის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ.
- 12შენობას, რომელიც შემოკავებული ადგილის წინ იდგა დასავლეთის მხარეს, სიგანე სამოცდაათი წყრთა ჰქონდა. შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ, სიგრძე - ოთხმოცდაათი წყრთა.
- 13გაზომა ტაძრის სიგრძე: ასი წყრთა, შემოკავებული ადგილი თავისი შენობებით და მისი კედლები: სიგრძით - ასი წყრთა.
- 14ტაძრის წინა ნაწილისა და შემოკავებული ადგილის სიგანე აღმოსავლეთით - ასი წყრთა.
- 15გაზომა შენობის სიგრძე შემოკავებული ადგილის პირდაპირ, რომელიც მის უკან იყო და მისი დერეფნები ორივე მხარეს - ასი წყრთა; ასევე შიდა ტაძარი და ეზოს დერეფნები,
- 16ზღურბლები, ცხაურიანი სარკმლები და დერეფნები ირგვლივ სამივე ზღურბლის წინ - ხით მოპირკეთებული, მიწიდან სარკმლებამდე; სარკმლები დახშული იყო.
- 17შესასვლელის თავზე, შიდა სახლამდე და გარეთ, მთელ კედელზე ირგვლივ, შიგნით და გარეთ ყველაფერი მოჩუქურთმებული იყო.
- 18ამოკვეთილი იყო ქერუბები და პალმები; ქერუბსა და ქერუბს შორის პალმა იყო. ყოველ ქერუბს ორი სახე ჰქონდა:
- 19ადამიანის სახე პალმისკენ იყო მიმართული, ლომის ბოკვერის სახე პალმისკენ იყო მიმართული მეორე მხარეს. ასე იყო ამოკვეთილი მთელ სახლში, ირგვლივ.
- 20მიწიდან შესასვლელის თავამდე ქერუბები და პალმები იყო ამოკვეთილი; ასევე ტაძრის კედლებზეც.
- 21ტაძრის კარის წირთხლები ოთხკუთხედი იყო, ისეთივე როგორც საწმიდრის; სხვა წირთხლების მსგავსი იყო.
- 22ხის სამსხვერპლოს სიმაღლე სამი წყრთა ჰქონდა, სიგრძე - ორი წყრთა. მისი კუთხეები, კვარცხლბეკი და კედლები ხისა იყო; მითხრა: "ეს ტაბლაა, რომელიც უფლის წინაშეა”.
- 23ორ-ორი კარი ჰქონდა ტაძარს და საწმიდარს.
- 24ორი ფრთა ჰქონდა თითო კარს, ორი მოტრიალე ფრთა; ორი ერთი კარისთვის და ორიც მეორე კარისთვის.
- 25ამოკვეთილი იყო მათზე, ტაძრის კარებზე, ქერუბები და პალმები ისევე, როგორც კედლებზე იყო ამოკვეთილი; ხის ზღურბლი იყო დერეფნის წინ, გარეთ.
- 26ცხაურიანი სარკმლები და პალმები იყო ამოკვეთილი ორივე მხრიდან დერეფნის გვერდებზე. ასეთი იყო ტაძრის გვერდითი ოთახები და ზღურბლები.
იტვირთება შემდეგი თავი