ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 42
- 1გამომიყვანა გარე ეზოში ჩრდილოეთისკენ და შემიყვანა სენაკში, ტაძრის დერეფნისა და ჩრდილოეთისკენ მიმართული შენობის პირდაპირ რომ იყო.
- 2ჩრდილოეთ შესასვლელის სიგრძე - ასი წყრთა, ხოლო სიგანე ორმოცდაათი წყრთა იყო.
- 3ოც წყრთაზე შიდა ეზოში, გარე ეზოს ქვაფენილის გასწვრივ, დერეფანი იყო ერთმანეთის პირდაპირ სამ სართულზე.
- 4სენაკთა წინ გასასვლელი ათი წყრთის სიგანით ეზოს შიგნით, გზა - ერთი წყრთა; შესასვლელები ჩრდილოეთიდან ჰქონდა.
- 5ზედა სენაკები ვიწრო იყო დერეფნების გამო, რომელთაც მეტი ადგილი ეჭირათ შენობის ქვემო და შუა სართულებზე.
- 6რადგან სამ სართულიანი იყო და ეზოს სვეტების მსგავსი არ ჰქონდა; ამის გამო უფრო ვიწრო იყო დაბლითა და შუა სენაკებზე.
- 7გარე კედელს, სენაკების მხარეს რომ იყო გარე ეზოში, სენაკების წინ, სიგრძე ორმოცდაათი წყრთა ჰქონდა.
- 8რადგან გარე ეზოს სენაკების სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო, ხოლო ტაძრის პირდაპირ - ასი.
- 9ამ სენაკების ქვემოთ შემოსასვლელი იყო აღმოსავლეთიდან, გარე ეზოდან თუ მიადგებოდი.
- 10ეზოს კედლის სიგრძეზე აღმოსავლეთით, ტაძრის დერეფნის პირდაპირ და შენობის წინ სენაკები იყო.
- 11მათ წინ გასავლელი ჩრდილოეთის სენაკების გასასვლელის მსგავსი იყო როგორც სიგრძითა და სიგანით, ისე გასასვლელებით, აგებულებითა და კარით.
- 12სამხრეთ სენაკების მსგავსი შესასვლელი იყო იმ გზის სათავეშივე, აღმოსავლეთის კედელს რომ მიუყვებოდა.
- 13მითხრა: "ჩრდილოეთისა და სამხრეთის სენაკები, დერეფნის წინ რომაა მოთავსებული, წმიდა სენაკებია; აქ ის მღვდლები უნდა ჭამდნენ, რომლებიც უფლის წმიდათა წმიდას უახლოვდებიან; წმიდათა წმიდაში ტოვებენ მსხვერპლებსა და პურეულ ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირს, რადგან წმიდაა ეს ადგილი.
- 14მღვდლები რომ შევლენ, ამ წმიდა ადგილიდან გარე ეზოში მანამ არ უნდა გავიდნენ, სანამ აქ არ დატოვებენ სამოსელს, რომლითაც მსახურებენ, რადგან წმიდაა იგი. სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან და ისე მიუახლოვდნენ იმ ადგილს, ხალხს რომ ეკუთვნის!”
- 15დაასრულა შიდა ტაძრის გაზომვა, აღმოსავლეთით მიმართული კარიბჭის გზით გამომიყვანა და ირგვლივ გაზომა.
- 16ლერწმის საზომით გაზომა აღმოსავლეთის მხარე - ხუთასი ლერწამი, ლერწმის საზომით გარშემო.
- 17გაზომა ჩრდილოეთის მხარე - ხუთასი ლერწამი, ლერწმის საზომით გარშემო.
- 18გაზომა სამხრეთის მხარე - ხუთასი ლერწამი, ლერწმის საზომით.
- 19მიტრიალდა ზღვის მხარეს და გაზომა - ხუთასი ლერწამი, ლერწმის საზომით.
- 20ოთხი მხრიდან გაზომა გალავანი მის გარშემო, სიგრძე - ხუთასი, სიგანე - ხუთასი, რათა განესხვავებინა წმიდა უწმიდურისგან.
იტვირთება შემდეგი თავი