ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 43
- 1კარიბჭისკენ წამიძღვა, აღმოსავლეთით რომ არის მიმართული.
- 2და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა მრავალი წყლის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.
- 3ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, მე რომ ვიხილე; იმ ხილვის მსგავსი იყო, მე რომ ვნახე, როცა ქალაქის გასანადგურებლად მოვიდა; იმ ხილვას ჰგავდა, მე რომ მდინარე ქებართან ვიხილე და პირქვე დავემხე.
- 4უფლის დიდება ტაძარში იმ კარიბჭით შევიდა, აღმოსავლეთით რომ არის მიმართული.
- 5ამიყვანა სულმა, შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებამ აავსო ტაძარი.
- 6გავიგონე, რომ ვიღაც მელაპარაკებოდა ტაძრიდან; კაცი კი ჩემს გვერდით იდგა.
- 7მითხრა: "ძეო კაცისავ! აჰა, ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემი ფეხების ტერფებისა, სადაც საუკუნოდ დავმკვიდრდები ისრაელის ძეთა შორის. აღარ შებილწავს ჩემს წმიდა სახელს ისრაელის სახლი - არც ის და არც მისი მეფენი, თავიანთი სიძვითა და მეფეთა გვამებით გორაკებზე.
- 8თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან და თავიანთი წირთხლის ჩემს წირთხლთან გათანაბრებით და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. ჩემი წმიდა სახელი შებილწეს თავიანთი სისაძაგლეებით, რასაც სჩადიოდნენ ისინი; მე ვშთანთქე ისინი ჩემს რისხვაში.
- 9ახლა კი განაშორონ ჩემგან თავიანთი სიძვა და თავიანთი მეფეთა სამარხები; მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ.
- 10შენ კი, ძეო კაცისავ! ამ ტაძრის შესახებ აუწყე ისრაელის სახლს, რომ შერცხვეთ თავისი ურჯულოებისა და აზომონ ტაძარი.
- 11და თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი და მისი აგებულება, მისი გასასვლელები და შესასვლელები, მთელი მისი ნახაზი, ყოველი წესი და კანონი; მათ თვალწინ დაწერე, რომ დაიცვან მთელი მისი აგებულება და წესი, და შეასრულონ.
- 12ეს არის ტაძრის კანონი - მთის თხემი და მთელი მისი მიდამო წმიდათა წმიდაა. აჰა, ეს არის ტაძრის კანონი.
- 13ეს არის სამსხვერპლოს ზომები წყრთითა და მტკაველით: კვარცხლბეკი - ერთი წყრთა, სიგანე - ერთი წყრთა, ჩარჩო მის კიდეზე ირგვლივ - ერთი მტკაველი; ეს არის სამსხვერპლოს სიმაღლე:
- 14მიწაზე მდგარი კვარცხლბეკიდან ქვემო შვერილამდე - ორი წყრთა, სიგანე - ერთი წყრთა; მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე - ოთხი წყრთა, სიგანე - ერთი წყრთა.
- 15სამსხვერპლოს კერა - ოთხი წყრთა, კერიდან მაღლა ოთხი რქა ამოდის.
- 16სამსხვერპლოს კერა - თორმეტი წყრთა სიგრძით და თორმეტი - სიგანით; ოთხკუთხედია თავის ოთხივე მხარეს.
- 17შვერილი თოთხმეტი წყრთა იყოს სიგრძით, თოთხმეტი სიგანით მის ოთხივე მხარეს; ჩარჩო მის ირგვლივ - ნახევარი წყრთა, ხოლო მისი კვარცხლბეკი - ერთი წყრთა ირგვლივ; საფეხურები აღმოსავლეთით ჰქონდეს მიმართული”.
- 18და მითხრა: "ძეო კაცისავ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის სამსხვერპლოს წესები იმ დღისთვის, როცა გაკეთდება, რათა სრულადდასაწველი მსხვერპლი აღავლინონ მასზე და სისხლი მოაპკურონ.
- 19მისცემ ლევიან მღვდლებს, ცადოკის შთამომავლებს, რომლებიც მომიახლოვდნენ, რათა მემსახურონ, ამბობს უფალი ღმერთი, თითო მოზვერს ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად.
- 20აიღებ მისი სისხლიდან და სცხებ მის ოთხ რქას, შვერილს ოთხივე კუთხეში და ჩარჩოს ირგვლივ; ასე განწმედ და ცოდვისგან გამოისყიდი მას.
- 21ასევე აიღებ მოზვერს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და დასწვავ ტაძრის დანიშნულ ადგილზე, საწმიდრის გარეთ.
- 22მეორე დღეს კი, შესწირავ უმანკო თხას ცოდვის გამოსყიდვის შესაწირად, ამით გაწმიდავენ სამსხვერპლოს, როგორც მოზვერით გაწმიდეს.
- 23გაწმედას რომ დაასრულებ, უმანკო მოზვერსა და უმანკო ვერძს შესწირავ ფარიდან.
- 24უფლის წინაშე წარადგინე, მღვდლებმა მარილი მოაფრქვიონ და სრულადდასაწველ მსხვერპლად აღუვლინონ უფალს.
- 25შვიდი დღის მანძილზე ამზადე ყოველ დღე თითო თხა ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად; ასევე მომზადდეს უმანკო მოზვერი და ვერძი ფარიდან.
- 26შვიდი დღის მანძილზე შეასრულონ სამსხვერპლოს გამოსყიდვა და სუფთაჰყონ იგი. ასე გაწმედენ მას და იქნება იგი გამოსაყენებელი.
- 27ამ დღეებს რომ დაასრულებენ, მერვე დღეს და შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები და მე მიგიღებთ თქვენ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
იტვირთება შემდეგი თავი