ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 44

  1. 1
    მომაბრუნა საწმიდრის გარეთ მიმართული აღმოსავლეთ კარიბჭის გზით; დახშული იყო იგი.
  2. 2
    და მითხრა უფალმა: "დახშული იქნება ეს კარიბჭე, არ გაიხსნება და არავინ შევა მასში, ვინაიდან უფალი, ისრაელის ღმერთი შევიდა მასში; იქნება იგი დახშული.
  3. 3
    თუმცა დაჯდება იქ ამაღლებული მთავარი, რომ უფლის* წინაშე ჭამოს პური; დერეფნის კარიბჭით შემოვა და იმავე გზით გავა.
  4. 4
    მიმიყვანა ტაძრის წინ, ჩრდილოეთის კარიბჭით და, აჰა, უფლის დიდებამ აავსო უფლის სახლი; პირქვე დავემხე.
  5. 5
    და მითხრა უფალმა: "ძეო კაცისავ! გულში ჩაიდე, რასაც შენი თვალები ხედავს და ყურები ისმენს, ყოველივე, რასაც ვამბობ: ყველა დადგენილება უფლის ტაძრისა და წესი. გულში ჩაიდე ტაძრის შესასვლელი და საწმიდრის ყველა გასასვლელი.
  6. 6
    ეტყვი ისრაელის მეამბოხე სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: საკმარისია თქვენი სისაძაგლენი, ისრაელის სახლო!
  7. 7
    უცხოტომელნი რომ მოგყავდათ, გულით და ხორცით წინადაუცვეთელნი, რათა ჩემს საწმიდარში ყოფილიყვნენ და შეებღალათ იგი; როცა აძლევდით ჩემს პურს, ქონსა და სისხლს და ჩემს აღთქმას არღვევდით, რომ მიგემატებინათ მთელი თქვენი სისაძაგლეებისთვის.
  8. 8
    არ ფხიზლობდით ჩემს სიწმიდეებზე, მათ აყენებდით მსახურად ჩემს საწმიდარში”.
  9. 9
    ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ყოველი უცხოელის შვილი, რომელიც ისრაელის ძეთა შორის ცხოვრობს - წინადაუცვეთელი გულით და წინადაუცვეთელი ხორცით - არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმიდარში.
  10. 10
    აკი გამშორდნენ ლევიანნი, რომლებიც გაჰყვნენ განმდგარ ისრაელს, უკან რომ აედევნა თავის კერპებს; იტვირთავენ კიდეც თავიანთ სასჯელს.
  11. 11
    ისინი გახდებიან მსახურნი ჩემს საწმიდარში, ტაძრის კარიბჭეთა მცველნი და მსახურნი; ისინი დაკლავენ სრულადდასაწველთ და მსხვერპლად შეწირულებს ხალხისთვის და დადგებიან მათ წინაშე, რათა ემსახურონ მათ.
  12. 12
    რადგან ემსახურებოდნენ მათ ისინი მათი კერპების წინ, რაც დამაბრკოლებელ ურჯულოებად იქცა ისრაელის ტაძრისთვის; ამის გამო აღვმართე ხელი მათზე! ამბობს უფალი ღმერთი, და იტვირთავენ თავიანთ სასჯელს!
  13. 13
    ვერ მომიახლოვდებიან სამსახურად ვერც მე და ვერც ჩემს რომელიმე სიწმიდეს წმიდათა წმიდაში. იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და სისაძაგლეს, რაც ჩაიდინეს.
  14. 14
    და დავაყენებ მათ, რომ იზრუნონ ჩემს ტაძარზე ყველა საქმეში და ყველაფერში, რაც აქ კეთდება ყოველდღიურად.
  15. 15
    ხოლო ლევიანი ღვთისმსახურნი, ძენი ცადოკისა, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როცა ისრაელის ძენი განმიდგნენ, მომიახლოვდებიან, რათა მემსახურონ და ახლოს იდგნენ ჩემ წინაშე, ქონისა და სისხლის შემოსაწირად! - ამბობს უფალი ღმერთი.
  16. 16
    ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში, ისინი მოუახლოვდებიან ჩემს სუფრას, რათა მემსახურონ და აღასრულონ თავიანთი მოვალეობა.
  17. 17
    კარიბჭით რომ შემოვლენ შიდა ეზოში, სელის სამოსლით იქნებიან შემოსილნი; მატყლის არაფერი ეცმებათ, როცა შიდა ეზოს კარიბჭესა და სახლში იმსახურებენ.
  18. 18
    სელის საბურავი ექნებათ თავებზე, სელის საცვლებით შეიმოსებიან თეძოებზე; ოფლის დამდენი არაფერი შეიმოსონ.
  19. 19
    გარე ეზოში რომ გამოვლენ, გარე ეზოში - ხალხთან, გაიხადონ სამოსელი, რომლითაც მსახურებდნენ და დააწყონ წმიდა სენაკებში; შეიმოსონ სხვა სამოსლით, რათა არ განიწმიდოს ხალხი მათი სამოსლით.
  20. 20
    თავები არ გადაიპარსონ, თმა არ დაიგრძელონ, მხოლოდ შეიკრიჭონ თავები.
  21. 21
    არც ერთმა ღვთისმსახურმა ღვინო არ დალიოს შიდა ეზოში შემოსვლისას.
  22. 22
    ქვრივსა და ქმარგანაშვებს ნუ შეირთავენ ცოლად, არამედ მხოლოდ ქალწულნი შეირთონ ისრაელის ტაძრის თესლიდან; ღვთისმსახურის ქვრივიც შეირთონ.
  23. 23
    ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და შებილწულის გარჩევა; უწმიდურსა და სუფთას შორის განსხვავება გააგებინონ.
  24. 24
    დავისას ისინი დადგებიან მოსამართლეებად, ჩემი სამართლით განიკითხავენ; ჩემს რჯულსა და დადგენილებებს დაიცავენ ყველა ჩემს დღესასწაულზე და წმიდად ჰყოფენ ჩემს შაბათებს.
  25. 25
    მკვდართან არ მივლენ, რათა არ შეიბილწონ. მხოლოდ მამასთან და დედასთან, ძესთან და ასულთან, ძმასთან და იმ დასთან, რომელსაც კაცი არ ჰყოლია - ამათთან შეიძლება შეიბილწონ.
  26. 26
    როცა განიწმიდება, შვიდ დღეს დაუთვლიან.
  27. 27
    და იმ დღეს, როცა საწმიდრის შიდა ეზოში შევა, რათა იმსახუროს საწმიდარში, შესწიროს მსხვერპლი თავისი ცოდვის გამოსასყიდად! - ამბობს უფალი ღმერთი.
  28. 28
    და ექნებათ მათ მემკვიდრეობა - მე ვიქნები მათი მემკვიდრეობა. სამკვიდრებელს ნუ მისცემთ მათ ისრაელში, რადგან მე ვარ მათი სამკვიდრებელი.
  29. 29
    ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდად შემონაწირს ისინი შეჭამენ და ყოველი ძღვენი მათი იქნება ისრაელში.
  30. 30
    საუკეთესო ყოველი პირველნაყოფისა და შეწირულებისა, ყველა თქვენი შემონაწირისა ღვთისმსახურთათვის იქნება; პირველს თქვენი ცომეულისგან ღვთისმსახურთ მისცემთ, რათა მოვიდეს კურთხევა თქვენს სახლზე.
  31. 31
    არავითარი მძორი და მხეცის მიერ დაგლეჯილი, ფრინველი იქნება ის თუ საქონელი, არ ჭამონ ღვთისმსახურებმა.
იტვირთება შემდეგი თავი
ეზეკიელი 44 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა