ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 45
- 1"როცა ქვეყანას წილისყრით გაინაწილებთ სამკვიდროდ, შესწირეთ უფალს ქვეყანაში წმიდა ადგილი სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათი ათასი წყრთა. წმიდა იქნება ის მთელ მის საზღვრებში ირგვლივ.
- 2აქედან საწმიდრის იქნება ხუთასი ხუთასზე - ოთხკუთხედი ნაკვეთი ირგვლივ და ორმოცდაათი წყრთა მოედანი მის ირგვლივ.
- 3ამ საზომით გადაზომავ სიგრძედ ოცდახუთ ათასს და სიგანედ ათი ათასს; იქ იქნება საწმიდარი, წმიდათა წმიდა.
- 4წმიდა წილი უნდა იყოს ეს ქვეყანაში და უნდა ეკუთვნოდეს საწმიდრის მომსახურე მღვდლებს, მსახურებისთვის რომ უახლოვდებიან უფალს; მათი სახლების ადგილად და წმიდა ადგილად უნდა იყოს საწმიდრისთვის.
- 5ოცდახუთი ათასი წყრთის სიგრძის და ათი ათასი წყრთის სიგანის ნაკვეთი უნდა ჰქონდეთ ტაძარში მომსახურე ლევიანებს საკუთრებად, ოც ოთახთან ერთად.
- 6ქალაქს საკუთრებად მიეცით: ხუთი ათასი წყრთა სიგანით და ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძით, შეწირული ნაკვეთის პირდაპირ - მთელი ისრაელის ტაძრისთვის იქნება ის.
- 7მთავარს მფლობელობაში ჰქონდეს შეწირული ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარე; შეწირული ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების გვერდით, დასავლეთის მხარე დასავლეთის მიმართულებით და აღმოსავლეთის მხარე აღმოსავლეთის მიმართულებით. მისი სიგრძე თანაბარი უნდა იყოს ერთი წილისა დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე.
- 8ეს იქნება მისი საკუთარი მიწა ისრაელში, რომ აღარ დაჩაგრონ ჩემმა მთავრებმა ჩემი ხალხი და მისცენ დანარჩენი მიწა ისრაელის სახლს, მათი ტომების მიხედვით.
- 9ასე ამბობს უფალი ღმერთი: კმარა, ისრაელის მთავრებო! უარი თქვით ძალადობასა და ძარცვაზე, სამართალი და სიმართლე ქმენით, შეწყვიტეთ ჩემი ხალხის შევიწროება! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 10მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი უნდა იქონიოთ.
- 11ეფა და ბათი ერთი საწყაო იყოს; ხომერის მეათედს შეიცავდეს ბათი და ეფაც ხომერის მეათედი იყოს. ხომერის მიხედვით იქნება მათი საწყაო.
- 12შეკელი ოცი გერაა; ოცი შეკელი, ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.
- 13ეს არის შესაწირი, რომელსაც შესწირავთ: ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ხორბლიდან და ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ქერიდან.
- 14ზეთის დადგენილი წილია: ზეთის საწყაო ქორია ხომერიდან; ქორი ხომერის მეათედია, რადგან ათი ქორია ხომერში.
- 15ერთი ცხვარი, ყოველი ორასი ცხვრიდან, ისრაელის ნოყიერი საძოვრებიდან პურეულის საძღვნოდ, სრულადდასაწველ და სამშვიდობო შესაწირად, ცოდვების მისატევებლად! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 16ქვეყნის მთელმა ხალხმა უნდა გაიღოს ეს შესაწირი ისრაელის მთავართან ერთად.
- 17მთავარს კი ევალება: სრულადდასაწველები, მარცვლეული ძღვენი და საღვრელები დღესასწაულებზე, ახალ მთვარობებზე, შაბათებზე და ისრაელის ტაძრის ყოველ ზეიმზე. მან უნდა იზრუნოს ცოდვის გამოსასყიდ შესაწირზე, მარცვლეულ ძღვენზე, სრულადდასაწველზე და სამშვიდობო მსხვერპლზე, რათა მიეტევოს ისრაელის სახლს.
- 18ასე ამბობს უფალი ღმერთი: პირველი თვის პირველ დღეს აიყვან უნაკლო მოზვერს და საწმიდარს გაწმიდავ.
- 19აიღებს მღვდელი ცოდვის მსხვერპლიდან სისხლს და სცხებს ტაძრის წირთხლს, სამსხვერპლოს შვერილის ოთხივე კუთხეს და შიდა ეზოს კარიბჭის წირთხლებს.
- 20ასე მოიქცევა თვის მეშვიდე დღესაც ყოველი უცოდინარისა და უნებლიეთ შებილწულისთვის, და განწმედს სახლს.
- 21პირველ თვის მეთოთხმეტე დღეს პასექი გექნებათ, შვიდდღიანი დღესასწაული; ხმიადს შეჭამთ.
- 22იმ დღეს მთავარმა მოზვერი უნდა მოიტანოს თავისთვის და ქვეყნის მთელი ხალხისთვის ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად.
- 23დღესასწაულის შვიდივე დღეს მოუტანოს სრულადდასაწველ შესაწირად უფალს დღეში შვიდი უნაკლო მოზვერი და შვიდი ვერძი, შვიდი დღის განმავლობაში, და თხა ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად ყოველდღიურად.
- 24მოიტანოს მარცვლეული ძღვენი, ერთი ეფა მოზვერზე და ერთი ეფა ვერძზე და ერთი ჰინი ზეთი ეფაზე.
- 25მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, დღესასწაულზე, ამასვე გააკეთებს შვიდი დღის განმავლობაში: იგივე ცოდვის გამოსასყიდ შესაწირს, იგივე სრულადდასაწველს, იმდენივე მარცვლეულის ძღვენს და იმდენივე ზეთს.
იტვირთება შემდეგი თავი