ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 46
- 1"ასე ამბობს უფალი ღმერთი: შიდა ეზოს კარიბჭე, აღმოსავლეთით რომ არის მიმართული, ექვსი სამუშაო დღის განმავლობაში დახშული იქნება, ხოლო შაბათობითა და ახალმთვარობის დღეს გაიღება.
- 2შემოვა მთავარი კარიბჭის გარე დერეფნის გზით და დადგება კარიბჭის ზღურბლთან. აღასრულებენ ღვთისმსახურნი მის ყოვლადდასაწველსა და სამშვიდობო შესაწირს, სცემს ის თაყვანს კარიბჭის ზღურბლთან, გავა და საღამომდე არ დაიკეტება კარიბჭე.
- 3თაყვანს სცემს ქვეყნის ხალხი უფალს იმ კარიბჭის შესასვლელში შაბათებსა და ახალმთვარობისას.
- 4სრულადდასაწველი შესაწირი, მთავარი რომ შესწირავს უფალს შაბათ დღეს, ასეთი იქნება: ექვსი საღი ცხვარი და ერთიც უნაკლო ვერძი.
- 5ძღვნად ერთი ეფა მარცვლეული იქნება ვერძზე, ცხვრებზე - ხელგაშლილობისამებრ, ხოლო ზეთი - ჰინი ეფაზე.
- 6ახალმთვარობაზე უნაკლო მოზვერი ჯოგიდან, ექვსი საღი ცხვარი და ვერძი იქნება.
- 7ეფა ვერძზე და ეფა მოზვერზე - ძღვენს შეასრულებს, ცხვრებზე კი რამდენსაც გაიმეტებს მისი ხელი, ზეთი - ჰინი ეფაზე.
- 8როცა მთავარი შემოვა, კარიბჭის დერეფნის გზით შემოვა და იმავე გზით გავა.
- 9უფლის წინაშე დღესასწაულებზე სათაყვანებლად მოსული ქვეყნის ერიდან ჩრდილო კარიბჭის გზით შემოსული სამხრეთის გზით გავა, ხოლო სამხრეთ კარიბჭის გზით მომსვლელი ჩრდილო კარიბჭით გავა; არ გაბრუნდება იმავე კარიბჭის გზით, რომლითაც მოვიდა, არამედ მოპირდაპირეთი გავა.
- 10მათ შორის მთავარიც, მათი შემოსვლისას შემოვა და მათი გასვლისას გავა.
- 11ზეიმებსა და დღესასწაულებზე შესაწირი ასეთი უნდა იყოს: ეფა მოზვერზე და ეფა ვერძზე, ცხვრებზე კი - ხელგაშლილობისამებრ, ხოლო ზეთი - ჰინი ეფაზე.
- 12როცა მთავარი ნებაყოფლობით სრულადდასაწველ მსხვერპლს ან სამშვიდობო შესაწირს აღასრულებს, გაუხსნიან აღმოსავლეთით მიმართულ კარიბჭეს, აღავლენს თავის სრულადდასაწველ შესაწირსა და სამშვიდობო მსხვერპლს, როგორც შაბათ დღეს აკეთებს, გავა და დაკეტავენ კარიბჭეს მისი გასვლის შემდეგ.
- 13უნაკლო ერთწლიანი ვერძით შეუსრულე სრულადდასაწველი მსხვერპლი ყოველდღე უფალს, ყოველ დილით უნდა აღუვლინო.
- 14ძღვენს მიართმევ დილაობით - მეექვსედ ეფასა და მესამედ ჰინ ზეთს, გამტკიცული ფქვილის შესაზელად: ესაა უფლის ძღვნის სამუდამო და მუდმივი დადგენილება.
- 15აღავლინონ ვერძი სრულადდასაწველად და პური და ზეთი ყოველ დილას, მუდმივად.
- 16ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუ მთავარი რომელიმე თავის ძეს მიწას აძლევს საჩუქრად, მაშინ ეს მის შვილებსაც უნდა გადაეცეს მემკვიდრეობად. ეს მათი სამფლობელო მემკვიდრეობითი უნდა იყოს.
- 17ხოლო თუ საკუთარი მემკვიდრეობიდან თავის ერთ მონათაგანს აჩუქებს მიწას, ნაჩუქარი გათავისუფლების წლამდე მისი იქნება და მერე კვლავ მთავარს დაუბრუნდება; მხოლოდ მის ძეებს ექნებათ ის კუთვნილებაში.
- 18ნუ აიღებს მთავარი ხალხის მემკვიდეობიდან ან ქონებიდან წართმეულს, მხოლოდ თავისი ქონებიდან დაუმკვიდროს საკუთარ ძეებს, რათა არავინ გაიფანტოს ჩემი ხალხიდან, თავისი სამფლობელოდან.
- 19შემიყვანა შესასვლელით, კარიბჭის გვერდით რომაა, ღვთისმსახურთა წმიდა სენაკებთან, რომლებიც ჩრდილოეთითაა მიმართული; და, აჰა, ადგილი კიდეზე, დასავლეთით.
- 20მითხრა: "ეს არის ადგილი, სადაც ღვთისმსახურნი დანაშაულისა და ცოდვის გამოსასყიდ შემონაწირს მოამზადებენ და პურეულ ძღვენს გამოაცხობენ, რათა გარე ეზოში არ იქნეს გატანილი ხალხის განსაწმედად”.
- 21გამიყვანა გარე ეზოში, მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე, და, აჰა, ეზო - ეზოს თითოეულ კუთხეში.
- 22ეზოს ოთხივე კუთხეს სხვა ეზო ერთვოდა, ორმოცი წყრთა სიგრძე და ოცდაათი სიგანე; ერთი ზომისა იყო ოთხივე კუთხეში.
- 23ოთხივე მათგანს ირგვლივ ქვების მწკრივი ჰქონდა შემოწყობილი, ძირს კი - გარშემო, სამზარეულოები იყო.
- 24მითხრა: "ეს სამზარეულო სახლებია, სადაც ხალხის შემონაწირს მოამზადებენ ტაძრის მსახურნი”.
იტვირთება შემდეგი თავი