ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 5

  1. 1
    "შენ კი, ძეო კაცისავ! აიღე ბასრი მახვილი, დალაქის სამართებელივით გადაიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაჰყავი თმა.
  2. 2
    მესამედი ქალაქის შუაგულში ალყის დღეების დასრულებისას კოცონზე დაწვი; აიღე მესამედი და ქალაქის ირგვლივ მახვილით დააქუცმაცე; მესამედი კი ქარში გაფანტე და მე მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
  3. 3
    აიღე იქიდან მცირეოდენი და მოსასხამის კიდეებში გამოიკარი.
  4. 4
    კიდევ აიღე მათგან, ჩაყარე ცეცხლში და დაწვი ცეცხლში; მისგან გავრცელდება ცეცხლი ისრაელის ყველა სახლზე.
  5. 5
    ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს იერუსალიმია! ხალხების შუაგულში დავსვი იგი, მის გარშემო ქვეყნებია.
  6. 6
    მაგრამ ხალხებზე უფრო ბოროტად აუჯანყდა იგი ჩემს დადგენილებებს და გარშემო მყოფ ქვეყნებზე უარესად აღუდგა ჩემს წესებს, რადგან ჩემი დადგენილებები უკუაგდეს და ჩემი წესებით არ იარეს.
  7. 7
    ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან თქვენ გარშემო მყოფ ერებზე მეტად ბობოქრობთ, ჩემი წესებით არ დადიხართ და ჩემს წესებს არ ასრულებთ; იმ ხალხების წესებსაც კი არ ასრულებთ, თქვენ გარშემო რომ ცხოვრობენ,
  8. 8
    ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე, მეც შენს წინააღმდეგ ვარ და შენს შუაგულში აღვასრულებ სამართალს ერების თვალწინ.
  9. 9
    შენი საძაგელი კერპების გამო ისეთ რამეს გაგიკეთებ, რაც არ გამიკეთებია და რის მსგავსსაც არასოდეს გავაკეთებ.
  10. 10
    ამიტომ შეჭამენ მამები თავიანთ ძეებს შენ შორის და ძეები შეჭამენ მამებს; სამართალს აღვასრულებ შენზე და ყველა ქარის მიმართულებით გავფანტავ მთელ შენს ნატამალს.
  11. 11
    ცოცხალი ვარ! - ამბობს უფალი ღმერთი. იმის გამო, რომ ჩემი საწმიდარი შებილწე შენი ყოველი სისაძაგლით და შენი ყოველი სიბილწით, მეც დაგამცირებ; არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ.
  12. 12
    შენი მესამედი შავი ჭირით მოკვდება და შიმშილით დაიღუპება შენ შორის, მესამედი მახვილით დაეცემა შენს ირგვლივ, მესამედს ყველა ქარის მიმართულებით გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
  13. 13
    ასე დასრულდება ჩემი რისხვა, დავაცხრობ ჩემს გულისწყრომას მათზე, დავწყნარდები და გაიგებენ, რომ მე, უფალმა, ვილაპარაკე ჩემი შურით, როცა დავასრულებ ჩემს გულისწყრომას მათდამი.
  14. 14
    მიგცემ შენ ასაოხრებლად და შესარცხვენად იმ ხალხებში, შენ გარშემო რომ არიან და ყოველი გამვლელის თვალში.
  15. 15
    და იქნება ეს შესარცხვენად, დასაცინად, გაფრთხილებად და შესაზარად იმ ხალხებისთვის შენ გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენს წინააღმდეგ სამართალს რისხვით, გულისწყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალმა ვთქვი ეს.
  16. 16
    მოვავლენ შენზე შიმშილის მომაკვდინებელ ისრებს, რომლებიც დამღუპველი იქნება, რადგან შენს დასაღუპად მოვავლენ მათ; შიმშილს გავაძლიერებ თქვენზე და გავტეხ პურის კვერთხს.
  17. 17
    მოგივლენთ შიმშილს და ველურ მხეცებს და შვილების გარეშე დარჩებით, შავი ჭირი და სისხლი გაივლის შენში და მახვილს მოვაწევ შენზე. მე, უფალი, ვლაპარაკობ!”
იტვირთება შემდეგი თავი