ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1და ასეთი სიტყვა გადმოვიდა ჩემზე უფლისგან:
- 2"ძეო კაცისავ! მიაქციე სახე ისრაელის მთებისკენ და იწინასწარმეტყველე მათ წინააღმდეგ.
- 3უთხარი: მთანო ისრაელისა! ისმინეთ, რას ამბობს უფალი ღმერთი: ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი მთებს, ბორცვებს, ხევებსა და ხეობებს: აჰა, მომაქვს თქვენზე მახვილი და მოვსპობ თქვენს სამსხვერპლო მაღლობებს.
- 4დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები, დაიმსხვრევა თქვენი სვეტები. თქვენი კერპების წინ დავცემ თქვენს დახოცილებს.
- 5მათსავე კერპებს მივუყრი ისრაელის ძეთა გვამებს და მოვფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ.
- 6ყველა თქვენი საცხოვრებელი ქალაქი აოხრდება და სიმაღლეები დაინგრევა, რათა აოხრდეს და დაინგრეს თქვენი სამსხვერპლოები და დაიმსხვრეს და გატიალდეს თქვენი კერპები, განადგურდეს თქვენი სვეტები და აღმოიფხვრას თქვენი საქმეები.
- 7დაეცემიან განგმირულნი თქვენ შორის და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
- 8მაგრამ ზოგიერთს დავინდობ და გეყოლებათ მახვილს გადარჩენილნი ხალხებში, დევნილობის მიწაზე.
- 9გამიხსენებენ თქვენგან გადარჩენილნი ხალხებში, სადაც იქნებიან გადასახლებულნი, როცა შევმუსრავ მათ მეძავ გულს, რომელიც განმიდგა და მათ თვალებს, რომლებიც მეძავობდნენ თავიანთი კერპების კვალზე. შეზიზღდებათ საკუთარი თავები იმ ბოროტების გამო, რაც მოიმოქმედეს მთელ თავის სისაძაგლეში.
- 10და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, რომ ამაოდ არ ვამბობდი - მოგაწევთ-მეთქი ამ უბედურებას”.
- 11ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ხელი ხელს დაჰკარი, დაარტყი ფეხი მიწას და თქვი: აი, უბედურება! ისრაელის ტაძრის ყველა ბოროტებისა და სისაძაგლისთვის მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დაეცემიან ისინი.
- 12შავი ჭირით მოკვდეს შორსმყოფი და მახვილით დაეცეს ახლომყოფი, გადარჩენილი კი შიმშილით მოკვდეს ალყაშემორტყმული. და დავასრულებ ჩემს გულისწყრომას მათზე.
- 13და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა განიგმირებიან საკუთარ კერპებს შორის და სამსხვერპლოთა ირგვლივ - ყველა მაღლობზე, მთის წვერზე, ამწვანებული ხის ქვეშ და დატოტვილი მუხის ქვეშ, იქ, სადაც მიჰქონდათ კეთილსურნელება თავიანთი კერპებისთვის.
- 14გავიწვდენ ხელს მათზე, ავაოხრებ ამ ქვეყანას და გავატიალებ დიბლათის უდაბნოდან მოყოლებული, ყველა მათი საცხოვრებლებით და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი”.
იტვირთება შემდეგი თავი