ეზრა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის ღმერთის სახელით, ანგია წინასწარმეტყველი და ზაქარია, ყიდოს ძე, იუდასა და იერუსალიმში მცხოვრებ იუდეველებზე.
- 2მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შეალთიელის ძე და იეშუა იოცადაკის ძე და დაიწყეს ღვთის სახლის შენება იერუსალიმში. მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და ეხმარებოდნენ მათ.
- 3მაშინ იყო, რომ მივიდნენ მათთან თათენაი, მდინარის გაღმელი მთავარი და შეთარ-ბოზნაი, თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად და ასე უთხრეს მათ: „ვინ მოგცათ თქვენ ამ ტაძრის აგებისა და გალავნის დასრულების განკარგულება?”
- 4მაშინ ვუთხარი იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აშენებდა.
- 5მათი ღმერთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, რათა არ შეეწყვიტათ მუშაობა, ვიდრე არ შეატყობინებდნენ ამ ამბავს დარიოსს და პასუხი არ დაბრუნდებოდა.
- 6აი, მეფე დარიოსისთვის თათენაის, მდინარის გაღმელი მთავრისა და შეთარ-ბოზნაის მიერ, მდინარის გაღმა მყოფ, თავის თანამოაზრე აფარსახელებთან ერთად, გაგზავნილი წერილის პირი:
- 7გაუგზავნეს მას წერილი, რომელშიც ეწერა: „მეფე დარიოსს, სრული მშვიდობა!
- 8დაე, ეუწყოს მეფეს, რომ ვიყავით იუდაში, დიდი ღმერთის ტაძართან, რომელიც დიდრონი ქვებით შენდება და მორებს აყოლებენ ზღუდეებში. გულმოდგინედ მუშაობენ და წარმატებით მიმდინარეობს ეს საქმე.
- 9მაშინ ასე ვკითხეთ მათ უხუცესებს: ვინ მოგცათ თქვენ ამ ტაძრის აგებისა და გალავნის დასრულების განკარგულება?
- 10სახელებიც გამოვიკითხეთ, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა მათი თავკაცების სახელები.
- 11ასე მოგვიგეს: ჩვენ ცისა და მიწის ღმერთის მსახურები ვართ და თავიდან ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინ აშენდა და ისრაელის დიდმა მეფემ აღაშენა და დაასრულა იგი.
- 12მერე განარისხეს ჩვენმა მამებმა ზეციერი ღმერთი, მან ისინი ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორ ქალდეველის ხელს გადასცა, რომელმაც დაანგრია ეს სახლი და ბაბილონში გადაასახლა ხალხი.
- 13მაგრამ კიროსის მეფობის პირველ წელს, ბაბილონში გასცა კიროსმა ღვთის სახლის აშენების განკარგულება.
- 14ღვთის სახლის ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, რაც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის ტაძრიდან წაიღო და ბაბილონის ტაძარში მიიტანა, უკან გამოიტანა მეფე კიროსმა ბაბილონის ტაძრიდან და გადასცა შეშბაცარს, რომელიც გამგებლად ჰყავდა დანიშნული.
- 15უთხრა მას: აიღე ეს ჭურჭელი და წადი, მიიტანე იერუსალიმის ტაძარში, რათა აშენდეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილზე!
- 16მაშინ მოვიდა შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის სახლს იერუსალიმში; იმ დროიდან აქამდე შენდება იგი, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა.
- 17ახლა კი, თუ ინებებს მეფე, დაე მოჩხრიკონ სამეფო მატიანე იქ, ბაბილონში, მართლა გაიცა თუ არა ბრძანება მეფე კიროსისგან უფლის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში და შეგვატყობინოს მეფემ თავისი გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე”.
იტვირთება შემდეგი თავი