ეზრა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1მაშინ გასცა ბრძანება მეფე დარიოსმა და მოძებნეს ბაბილონის წიგნთსაცავებში, სადაც საგანძური ინახებოდა.
- 2და იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის სასახლეში, ერთი გრაგნილი, რომელზეც ასე ეწერა: სამახსოვრო წიგნი.
- 3მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს განკარგულება გასცა მეფე კიროსმა ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: „დაე, აშენდეს სახლი იმ ადგილზე, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ; მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს სახლს, სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანე - სამოცი წყრთა;
- 4სამი წყება ლოდებისგან იყოს და ერთი წყება ახალი ძელებისგან; საფასურს მეფის სასახლე გადაიხდის.
- 5აგრეთვე ღვთის სასახლის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში და ღმერთის სახლში მოთავსდეს.
- 6და ახლა, თათენაი, მდინარისგაღმელო განმგებელო, შეთარ-ბოზნაი და მათო თანამოაზრენო, მდინარისგაღმელო მმართველებო, თავი დაანებეთ მათ!
- 7ხელს ნუ შეუშლით ღვთის სახლის მშენებლობას! ააშენონ იუდას განმგებელმა და იუდეველთა უხუცესებმა ღვთის სახლი თავის ადგილზე.
- 8განკარგულება გავეცი იმის თაობაზე, რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს ღვთის სახლის ხელახლა ასაგებად: მეფის საგანძურიდან და მდინარის გაღმა აკრეფილი გადასახადებიდან დაუყოვნებლივ მიეცით ამ კაცებს სახარჯოდ, რომ არ შეფერხდეს საქმე.
- 9რაც კი სჭირდებათ: მოზვრები, ვერძები და კრავები ცათა ღმერთისთვის სრულადდასაწველის აღსავლენად, ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი, როგორც მოითხოვენ იერუსალიმის მღვდლები, ყოველდღიურად მიეცით მათ შეუფერხებლად;
- 10რათა შესწირონ სასურველი მსხვერპლები ცათა ღმერთს და ილოცონ მეფის და მისი ძეების დღეგრძელობისთვის.
- 11ასევე გავეცი განკარგულება, რომ თუ ვინმე დაარღვევს ამ ბრძანებას - გამოიღონ ძელი მისი სახლიდან, აღმართონ და ზედ ჩამოკიდონ იგი; მისი სახლი კი ნაგვის გროვად აქციონ ამის გამო.
- 12დაე ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს ამ ბრძანების შესაცვლელად ან ღვთის სახლის დასანგრევად, რომელიც იერუსალიმშია. მე, დარიოსმა გავეცი განკარგულება და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს!”
- 13მაშინ თათენაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამოაზრეებმა, დარიოს მეფის მიერ გამოგზავნილი სიტყვა დაუყოვნებლივ აღასრულეს.
- 14აშენებდნენ ებრაელთა უხუცესნი და წარმატებას აღწევდნენ, ანგია წინასწარმეტყველისა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველების თანახმად. ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ბრძანებისამებრ; და კიროსის, დარიოსისა და ართახშასთას - სპარსეთის მეფეების ბრძანებისამებრ.
- 15დაასრულეს ეს ტაძარი ადარის თვის მესამე დღეს, ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი.
- 16სიხარულით იდღესასწაულეს ღვთის სახლის მიძღვნა ისრაელის ძეებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა და დანარჩენმა ტყვედ ნამყოფმა ხალხმა.
- 17და შესწირეს ღვთის სახლის მიძღვნისას: ასი მოზვერი, ორასი ვერძი, ოთხასი კრავი; და თორმეტი ვაცი, მთელი ისრაელის ცოდვის შესაწირად, ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით.
- 18დააყენეს მღვდლები მათი დანიშნულების მიხედვით და ლევიანები თავიანთი რიგის მიხედვით, ღმერთის მსახურებისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.
- 19და აღასრულა ტყვედნამყოფმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
- 20რადგან ერთიანად განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანები, ყველანი წმიდები იყვნენ; და დაკლეს საპასექო მსხვერპლი ყველა ტყვედნამყოფი ხალხისთვის, თავიანთი მღვდელი ძმებისთვის და თავიანთთვის.
- 21ჭამეს პასექი გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელის ძეებმა და ყველამ, ვინც განუდგა ქვეყნის ხალხების უწმიდურებას, რათა ეძებნათ უფალი, ისრაელის ღმერთი.
- 22შვიდ დღეს ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს, რადგან გაახარა ისინი უფალმა და მოაბრუნა მათკენ აშურის მეფის გული, რათა განემტკიცებინა მათთვის ხელი ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის მშენებლობისას.
იტვირთება შემდეგი თავი