ეზრა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები და ეს არის მათი საგვარტომო ნუსხა, რომლებიც ჩემთან ერთად ამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე ართახშასთას მეფობაში:
- 2ფინხასის ძეთაგან გერშომი; ითამარის ძეთაგან დანიელი; დავითის ძეთაგან ხატუში;
- 3შექანიას ძეთაგან და ფარყოშის ძეთაგან: ზაქარია და მასთან, მისი საგვარტომოდან ასორმოცდაათი მამაკაცი;
- 4ფათახ-მოაბის ძეთაგან: ელიოჰოყენაი ზერახის ძე და მასთან ერთად ორასი მამაკაცი;
- 5შექანიას ძეთაგან: იახაზიელის ძე და მასთან ერთად სამასი მამაკაცი;
- 6ყადინის ძეთაგან: ყებედი იონათანის ძე და მასთან ერთად ორმოცდაათი მამაკაცი;
- 7ყელამის ძეთაგან: ესაია ყათალიას ძე და მასთან ერთად სამოცდაათი მამაკაცი;
- 8შეფატიას ძეთაგან: ზებადია მიქაელის ძე და მასთან ერთად ოთხმოცი მამაკაცი;
- 9იოაბის ძეთაგან: ყობადია იეხიელის ძე და მასთან ერთად ორას თვრამეტი მამაკაცი;
- 10ბანის ძეთაგან: შელომითი იოსიფიას ძე, და მასთან ერთად ას სამოცი მამაკაცი;
- 11ბებაის ძეთაგან: ზაქარია ბებაის ძე და მასთან ერთად ოცდარვა მამაკაცი;
- 12ყაზგადის ძეთაგან: იოხანან ჰაკატანის ძე და მასთან ერთად ას ათი მამაკაცი;
- 13ადონიკამის ძეთაგან უკანასკნელნი; მათი სახელებია: ელიფელეტი, იეყიელი, შემაყია და მათთან ერთად სამოცი მამაკაცი;
- 14ბიგვაის ძეთაგან: ყუთაი და ზაბუდი და მათთან ერთად სამოცდაათი მამაკაცი.
- 15შევკრიბე ისინი მდინარესთან, რომელიც აჰავას ერთვის და ვიდექით იქ სამ დღეს. ვაკვირდებოდი ხალხს და მღვდლებს, მაგრამ მათ შორის ლევის ძეთაგან ვერავინ ვპოვე.
- 16დავიბარე ხალხის მეთაურები: ელეაზარი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი; ასევე მოძღვრები: იოიარიბი და ელნათანი.
- 17გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის მთავართან. ვუთხარი რა უნდა ელაპარაკათ იდოსთან და მის ძმებთან, ტაძრის მსახურებთან, ქასიფიას ადგილზე მყოფებთან, რათა მოეყვანათ ჩვენამდე მსახურები, ჩვენი ღმერთის სახლისთვის.
- 18ჩვენი ღმერთის კეთილი ხელის გამო, რომელიც ჩვენზე იყო, მოიყვანეს ჩვენთან ერთი გონიერი კაცი მახლის ძეთაგან, ლევის ძე, ისრაელის ძე, სახელად შერებია და მასთან ერთად მისი ძენი და მისი ძმები, თვრამეტი კაცი;
- 19და ხაშაბია და მასთან ესაია მერარის ძეთაგან, მისი ძმები და მისი ძენი - ოცი კაცი.
- 20ასევე ტაძრის მსახურები, რომლებიც დავითმა და მთავრებმა დაუდგინეს ლევიანებს მსახურებად - ორას ოცი მსახური; ყველა მათგანი სახელებით იყო დადგენილი.
- 21და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე და მისთვის გვეთხოვა, დაცული გზა ჩვენთვის, ჩვენი პატარებისთვის და მთელი ჩვენი ქონებისთვის,
- 22რადგან შემრცხვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები მეთხოვნა, მტრისგან თავის დასაცავად გზაზე, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: "ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა ეწინააღმდეგება მათ, ვინც მიატოვებს მას!”
- 23ვიმარხულეთ და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს და შეისმინა მან ჩვენი.
- 24გამოვყავი თორმეტი მთავარი მღვდელი: შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან;
- 25ავუწონე მათ ვერცხლი, ოქრო და ჭურჭელი, ჩვენი ღვთის სახლისთვის შეწირული, რაც შესწირეს მეფემ, მისმა მრჩევლებმა და იქ დამსწრე მთელმა ისრაელმა.
- 26მივუწონე მათ ხელში ექვსას ორმოცდაათი ტალანტი ვერცხლი, ასი ტალანტის ვერცხლის ჭურჭელი და ასი ტალანტი ოქრო.
- 27ათასი დრაქმის ოქროს ოცი საბანებელი და საუკეთესო სპილენძის ორი ჭურჭელი, ოქროსავით ძვირფასი.
- 28ვუთხარი მათ: „თქვენ წმიდა ხართ უფლისთვის და ეს ჭურჭელიც წმიდაა, ხოლო ეს ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შესაწირია თქვენი მამების ღმერთისადმი.
- 29გაუფრთხილდით და დაიცავით, ვიდრე მიუწონიდეთ მთავარ მღვდლებს, ლევიანებს და ისრაელის მამების მთავრებს იერუსალიმში, უფლის სახლის ოთახებში”.
- 30მიიღეს მღვდლებმა და ლევიანებმა ვერცხლი, ოქრო, და ჭურჭელი წონით, რათა მიეტანათ იერუსალიმში, ჩვენი ღვთის სახლში.
- 31პირველი თვის მეთორმეტე დღეს გავემგზავრეთ მდინარე აჰავადან იერუსალიმში; ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, მან გვიხსნა მტრის ხელიდან და გზაზე ჩასაფრებულთაგან.
- 32მივედით იერუსალიმში და გავჩერდით იქ სამ დღეს.
- 33მეოთხე დღეს მიუწონეს მერემოთს, ურია მღვდლის ძეს ხელში ვერცხლი, ოქრო და ჭურჭელი ჩვენი ღვთის სახლში; მასთან ერთად იყო ელეაზარ ფინხასის ძე; ასევე მათთან ერთად იყვნენ იოზაბადი იეშუას ძე და ნოადია ბინუის ძე, ლევიანები.
- 34ყველაფერი დაითვალა და აიწონა; და ჩაიწერა მთელი ეს წონა იმ დროს.
- 35შესწირეს ისრაელის ღმერთს სრულადდასაწველი, ტყვეობიდან დაბრუნებულებმა, გადასახლებაში ნამყოფმა ხალხმა: თორმეტი მოზვერი მთელი ისრაელისთვის, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი კრავი, თორმეტი ვაცი ცოდვის მსხვერპლისთვის, ყოველივე ეს სრულადდასაწველად უფლისთვის.
- 36და გადასცეს მეფის დავალება მეფისნაცვლებს და მდინარის გაღმელ განმგებლებს და ისინიც მხარში ედგნენ ხალხსა და ღვთის სახლს.
იტვირთება შემდეგი თავი