ეზრა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების - ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს,
- 2ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”.
- 3ეს სიტყვები რომ მოვისმინე, შემოვიხიე სამოსი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და ვიჯექი გაოგნებული.
- 4შემოიკრიბა ყველა, ვინც თრთოდა ისრაელის ღმერთის სიტყვაზე განდევნილობიდან დაბრუნებულთა შორის მომხდარ ამ უმართლობის გამო; მე კი საღამოს მსხვერპლშეწირვის დაწყებამდე გაოგნებული ვიჯექი.
- 5საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე.
- 6ვთქვი: „ღმერთო ჩემო! შერცხვენილი ვარ და ვერ ვბედავ სახე მოგაპყრო, ღმერთო ჩემო, რადგან დანაშაული ჩვენი გამრავლდა და ბრალი ჩვენი ცას მისწვდა.
- 7ჩვენი მამების დღეთაგან დღემდე ბევრს ვაშავებთ; ჩვენი ცოდვების გამო ჩავუვარდით ჩვენ, ჩვენი მეფენი და მღვდელნი უცხო ქვეყნების მეფეთა ხელს - მახვილის ქვეშ, ტყვეობაში, ძარცვასა და სირცხვილში, როგორც დღეს ვართ.
- 8ახლა მცირე ხნით გვაჩვენა თავისი წყალობა ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ნატამალი და დავფუძნებულიყავით ჩვენი ღმერთის წმიდა ადგილზე, რათა გაენათებინა ჩვენი თვალები და ცოტათი მაინც გამოვეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში,
- 9რადგან მონები ვართ, თუმცა მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს და წყალობა გაგვიმრავლა სპარსეთის მეფეთა წინაშე, რათა გამოვეცოცხლებინეთ, ჩვენი ღვთის სახლის ასაშენებლად და მისი ნანგრევების აღსადგენად, რომ ზღუდე მოგვცემოდა იუდასა და იერუსალიმში.
- 10ახლა კი რაღა ვთქვათ, ღმერთო ჩვენო, როცა მივატოვეთ შენი მცნებანი,
- 11რომლებიც გვამცნე შენი წინასწარმეტყველებისა და მსახურთა მეშვეობით: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, უწმიდურია იმ მიწაზე მცხოვრები ხალხების საზიზღრობათა გამო, რადგან კიდეებამდე აღავსეს თავისი უწმიდურებით.
- 12აჰა, ნუ მიათხოვებთ მათ ძეებს თქვენს ასულებს და ნურც მათ ასულებს შერთავთ თქვენს ძეთ. უკუნისამდე ნუ გექნებათ მათთან მშვიდობა და სიკეთე, რათა შეძლოთ განმტკიცება და ამ ქვეყნის დოვლათის ჭამა, თქვენ შემდეგ კი, თქვენი ძეებისთვის დატოვება საუკუნოდ!
- 13ყოველივეს შემდეგ, რაც ჩვენი ბოროტი საქმეებისა და დიდი დანაშაულის გამო შეგვემთხვა, რადგან შენ, ღმერთო ჩვენო, იმაზე ნაკლებად დაგვსაჯე, ვიდრე ჩვენი უკეთურების გამო გვეკუთვნოდა და ასეთი ხსნა მოგვივლინე,
- 14ნუთუ კვლავ დავარღვევთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით სისაძაგლეების ჩამდენ ხალხებს? განა არ განრისხდები, რომ მოგვსპო და აღარავინ გადარჩეს?
- 15უფალო, ისრაელის ღმერთო, მართალი ხარ, რადგან გადარჩენილი ნატამალი ვართ დღემდე. აჰა, შენ წინაშე ვართ ჩვენს დანაშაულში, თუმცა არავის ძალუძს შენ წინაშე დგომა ამის გამო”.
იტვირთება შემდეგი თავი