დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1სარაის, აბრამის ცოლს, შვილები არ უშვია; და ჰყავდა მას ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი.
- 2უთხრა სარაიმ აბრამს: "შვილები არ მომცა უფალმა. ამიტომ გთხოვ, შედი ჩემს მოახლესთან, ვინძლო გავშვილიანდე მისგან”. და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები.
- 3სარაიმ, აბრამის ცოლმა, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის თავზე, ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი მისცა ცოლად თავის ქმარს.
- 4შევიდა აბრამი ჰაგართან და დაორსულდა ჰაგარი. როცა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში.
- 5უთხრა სარაიმ აბრამს: "შენი ბრალია ჩემი დამცირება, მე მოგიწვინე ჩემი მხევალი და რა იხილა, რომ დაორსულდა, დავმცირდი მის თვალში. უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის”.
- 6უთხრა აბრამმა სარაის: "აგერ არის ეს მხევალი, შენს ხელთაა იგი და როგორც გენებოს, ისე მოექეცი”. და ჩაგვრა დაუწყო მას სარაიმ, ის კი გაექცა მას.
- 7და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა უდაბნოში, აშურის გზაზე, ჭასთან.
- 8ჰკითხა: "ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ?” უპასუხა: "სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ”.
- 9უთხრა უფლის ანგელოზმა: "დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე”.
- 10კვლავ უთხრა უფლის ანგელოზმა: "გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ დაითვლება იგი სიმრავლის გამო”.
- 11უთხრა უფლის ანგელოზმა: "ორსულად ხარ, ვაჟს შობ და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოხედა უფალმა შენს ტანჯვას.
- 12ველური კაცი იქნება იგი. მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი - მის წინააღმდეგ. თავისი ძმების წინ იცხოვრებს იგი”.
- 13და უწოდა ჰაგარმა უფალს, რომელიც მას ელაპარაკა, "ელ როი” - "უფალი, რომელიც ხედავს!” და თქვა: "აქ ვნახე ღმერთი, რომელიც მხედავს”.
- 14ამიტომ შეარქვა ჭას "ბეერ ლაჰაი როი” - მხილველის ჭა. იგი კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს.
- 15და უშვა აბრამს ჰაგარმა ძე. აბრამმა თავის ძეს, რომელიც ჰაგარმა უშვა, ისმაელი დაარქვა.
- 16ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ჰაგარმა ისმაელი უშვა.
იტვირთება შემდეგი თავი