დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 17

  1. 1
    ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრამი, როცა უფალი გამოეცხადა და უთხრა: "მე ვარ ელ შადაი - ღმერთი ყოვლისშემძლე, იარე ჩემს წინაშე და იყავი უმწიკვლო.
  2. 2
    და დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და ფრიად გაგამრავლებ”.
  3. 3
    დაემხო აბრამი პირქვე და უთხრა ღმერთმა:
  4. 4
    "აჰა, ჩემი აღთქმა შენთან - მრავალი ერის მამა იქნები!
  5. 5
    და აღარ გერქმევა სახელად აბრამი - ამაღლებული მამა, არამედ აბრაჰამი - მრავალთა მამა, ვინაიდან მრავალი ერის მამად გაქცევ!
  6. 6
    დიდად, დიდად გაგამრავლებ, ერებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.
  7. 7
    აღთქმას ვდებ ჩემსა და შენს და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები.
  8. 8
    მოგცემთ შენ და შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას - ქანაანს, სამარადისო სამფლობელოდ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი”.
  9. 9
    და უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "შენ და შენმა შთამომავლობამ კი ჩემი აღთქმა დაიცავით ყველა თაობაში.
  10. 10
    ეს არის აღთქმა ჩემსა და თქვენ შორის, რომელიც თაობიდან თაობამდე უნდა დაიცვათ: წინადაიცვითოს ყოველმა თქვენმა მამრმა.
  11. 11
    დაიცვითეთ ჩუჩის ხორცი და ეს იყოს ჩემსა და თქვენ შორის დადებული აღთქმის ნიშანი.
  12. 12
    რვა დღისამ დაიცვითოს ყოველმა თქვენმა მამრმა თაობიდან თაობამდე, სახლში შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი შთამომავალი.
  13. 13
    წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა, შენი ფულით ნაყიდმა და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე მარადიულ აღთქმად.
  14. 14
    წინადაუცვეთელი მამრი, რომელიც მერვე დღეს არ დაიცვეთს ჩუჩის ხორცს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა”.
  15. 15
    უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, ამიერიდან სარა იყოს მისი სახელი.
  16. 16
    ვაკურთხებ მას და ძესაც მოგცემ მისგან; აჰა, მასაც ვაკურთხებ და გახდება იგი ერების დედა; ხალხთა მეფენი წარმოიშობიან მისგან”.
  17. 17
    პირქვე დაემხო აბრაჰამი, გაეცინა და თქვა გულში: "ნუთუ ასი წლის კაცს შეეძინება შვილი? ნუთუ ოთხმოცდაათი წლის სარა დაბადებს?”
  18. 18
    და უთხრა აბრაჰამმა ღმერთს: "ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!”
  19. 19
    უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "არა, შენი ცოლი, სარა შობს შენთვის ძეს, სახელად ისაკს დაარქმევ და მასთან დავდებ სამარადისო აღთქმას მისი შთამომავლობისათვის.
  20. 20
    ისმაელისთვისაც გისმინე და მასაც ვაკურთხებ, ნაყოფიერს გავხდი და ფრიად გავამრავლებ, თორმეტ მთავარს წარმოშობს და დიდ ერად ვაქცევ.
  21. 21
    მაგრამ ჩემს აღთქმას ისაკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად ამ დროს”.
  22. 22
    დაამთავრა ღმერთმა აბრაჰამთან ლაპარაკი და ამაღლდა მისგან.
  23. 23
    ადგა აბრაჰამი და წინადაუცვითა ისმაელს, თავის ძეს, ასევე მის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც ფულით ჰყავდა ნაყიდი, აბრაჰამის სახლის ყოველ მამრს, სწორედ იმ დღეს, როგორც უთხრა ღმერთმა.
  24. 24
    ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრაჰამი, როცა ჩუჩა დაიცვითა.
  25. 25
    ისმაელი, მისი ძე, ცამეტი წლის იყო, როცა ჩუჩა დაიცვითა.
  26. 26
    სწორედ ამ დღეს დაიცვითეს აბრაჰამმა და მისმა ძემ ისმაელმა.
  27. 27
    მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელებისგან ფულით ნაყიდმა, მასთან ერთად დაიცვითა.
იტვირთება შემდეგი თავი