დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
- 2აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.
- 3უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
- 4ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.
- 5გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.
- 6აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
- 7ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
- 8აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.
- 9ჰკითხეს: "სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: "აქ არის, კარავში”.
- 10და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
- 11მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი; და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
- 12გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
- 13და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
- 14განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”
- 15შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: "არა, გაიცინე!”
- 16ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.
- 17თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?
- 18აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.
- 19რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.
- 20და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
- 21ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.
- 22გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.
- 23მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
- 24ეგებ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდეს მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს, იქ არსებული ორმოცდაათი მართალის გამო?
- 25შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”
- 26უთხრა უფალმა: "თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”.
- 27მიუგო აბრაჰამმა: "გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.
- 28იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”
- 29განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.
- 30კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.
- 31კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.
- 32თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.
- 33და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
იტვირთება შემდეგი თავი