დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 35
- 1უთხრა ღმერთმა იაკობს: "ადექი, ადი ბეთელში და იქ დამკვიდრდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს გაურბოდი”.
- 2უთხრა იაკობმა თავის სახლეულს და ყველას, ვინც მასთან იყო: "მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც თქვენშია, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
- 3ავდგეთ და ავიდეთ ბეთელში, სამსხვერპლოს ავუგებ იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე”.
- 4მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, რომელიც კი ჰქონდათ, აგრეთვე საყურეები, და ჩაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.
- 5და გაემგზავრნენ. ღვთის შიში იყო ირგვლივ მდებარე ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეებს.
- 6და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, იგივე ბეთელში, რომელიც ქანაანის ქვეყანაში იყო.
- 7ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა უფალი, როცა გაურბოდა თავის ძმას.
- 8გარდაიცვალა დებორა, რებეკას ძიძა და დაიკრძალა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა იაკობმა ამ ადგილს ალონ-ბაქუთი - გოდების მუხა.
- 9და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი.
- 10უთხრა ღმერთმა: "შენი სახელი იაკობია, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქმევა იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი!” ასე უწოდა ღმერთმა სახელად ისრაელი.
- 11უთხრა ღმერთმა: "მე ვარ ღმერთი ელ-შადაი ანუ ყოვლადძლიერი; ინაყოფიერე და გამრავლდი; ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.
- 12ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაჰამს და ისაკს, შენთვის და შენი შთამომავლობისათვის მომიცია”.
- 13და ამაღლდა ღმერთი მისგან იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.
- 14სვეტი აღმართა იაკობმა იმ ადგილზე, სადაც ღმერთი ელაპარაკა, ქვის სვეტი, დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.
- 15და უწოდა იაკობმა იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკებოდა, ბეთელი.
- 16გაემგზავრნენ ისინი ბეთელიდან. ცოტა მანძილი კიდევ იყო ეფრათამდე რახელმა რომ იმშობიარა. და გაუძნელდა მას მშობიარობა.
- 17მშობიარობის გასაჭირში უთხრა ბებიაქალმა: "ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს შენ”.
- 18და ვიდრე სული ამოხდებოდა, დაარქვა თავის ვაჟს ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა.
- 19გარდაიცვალა რახელი და დაიკრძალა ეფრათის გზაზე, ბეთლემში.
- 20და აღმართა იაკობმა სვეტი მის საფლავზე. დღესაც დგას იმ საფლავის ძეგლი.
- 21გაემგზავრა ისრაელი და გედერის კოშკის გაღმა გაშალა კარავი.
- 22ისრაელის ამ ქვეყანაში მკვიდრობისას დაწვა რეუბენი ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან. და გაიგო ეს ისრაელმა. თორმეტი ძე ჰყავდა იაკობს.
- 23ლეასგან: იაკობის პირმშო რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულუნი;
- 24რახელისგან: იოსები და ბენიამინი;
- 25ბილჰას, რახელის მხევლისგან: დანი და ნაფთალი.
- 26ზილფას, ლეას მხევლისგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომლებიც შუამდინარეთში შეეძინა.
- 27და მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათ-არბაყში, იგივე ხებრონში, სადაც ხიზნობდნენ აბრაჰამი და ისაკი.
- 28ას ოთხმოცი წლის იყო ისაკი.
- 29განუტევა სული ისაკმა და გარდაიცვალა. შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და დაკრძალეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა.
იტვირთება შემდეგი თავი