დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 38
- 1მაშინ იყო, რომ დაშორდა იუდა თავის ძმებს და ყადულამელი კაცის, სახელად ხირას მახლობლად დასახლდა.
- 2და ნახა იქ იუდამ ვინმე ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის ასული, მოიყვანა და შევიდა მასთან.
- 3დაორსულდა და ეყოლა ძე; და დაარქვა სახელად ყერი.
- 4კვლავ დაორსულდა და ეყოლა ძე, რომელსაც ონანი დაარქვა.
- 5კვლავ ეყოლა ძე, რომელსაც სახელად შელა დაარქვა. ქეზიბში იყო იუდა მისი შობის დროს.
- 6ყერს, თავის პირმშოს, ცოლი შერთო იუდამ, რომელსაც თამარი ერქვა.
- 7მაგრამ ბოროტი იყო უფლის თვალში ყერი, იუდას პირმშო, და მოაკვდინა იგი უფალმა.
- 8და უთხრა იუდამ ონანს: "შედი შენი ძმის ცოლთან, ქმრად გაუხდი და აღუდგინე თესლი შენს ძმას”.
- 9იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა შთამომავლობა და როცა ძმის ცოლთან შედიოდა, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა შთამომავლობა არ მიეცა ძმისთვის.
- 10ბოროტებად ჩაითვალა უფლის წინაშე მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა ღმერთმა.
- 11უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: "ვიდრე შელა, ჩემი ძე, გაიზრდებოდეს, ქვრივად დაჯექ მამაშენის სახლში”. ეშინოდა, ისიც მისი ძმებივით არ მომკვდარიყო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამის სახლში.
- 12მრავალმა დღემ განვლო. გარდაიცვალა იუდას ცოლი, შუაყის ასული; და გლოვის დღეების შემდგომ, თიმნაში, თავისი ცხვრის მპარსველებთან წავიდა იუდა, ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან ერთად.
- 13ამცნეს თამარს: "ცხვრის გასაპარსად მიდისო შენი მამამთილი თიმნაში”.
- 14და გაიძრო მან ქვრივის სამოსელი, პირბადე ჩამოიფარა, დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან ნახა, რომ შელა გაიზარდა, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს.
- 15ქალი რომ დაინახა იუდამ, მეძავად მიიჩნია, რადგან სახე პირბადით ჰქონდა დაფარული.
- 16მიუბრუნდა და ჰკითხა: "შემომიშვებ შენთან?” არ იცოდა, რომ რძალი იყო მისი. უთხრა ქალმა: "რას მომცემ, რომ შემოგიშვა?”
- 17უპასუხა: "თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან”. უთხრა თამარმა: "წინდს თუ დამიტოვებ, სანამ თიკანს გამომიგზავნი?”
- 18ჰკითხა იუდამ: "რა გინდა, რომ წინდად მოგცე?” უპასუხა ქალმა: "შენი ბეჭედი, თასმა და კვერთხი, რომელიც ხელთ გაქვს”. მისცა იუდამ და შევიდა მასთან; და დაორსულდა ქალი მისგან.
- 19წავიდა, პირბადე მოიხადა და კვლავ შეიმოსა ქვრივის სამოსით.
- 20გაუგზავნა იუდამ თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით თიკანი, რათა წინდი დაებრუნებინა ქალისაგან, მაგრამ ვერ იპოვა ქალი ყადულამელმა.
- 21და ჰკითხა იქაურ კაცებს: "სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?” მიუგეს, არ ყოფილაო აქ მეძავი.
- 22დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: "ვერ ვიპოვე ქალი, იქაურმა კაცებმაც მითხრეს, არ ყოფილაო აქ მეძავი”.
- 23თქვა იუდამ: "ნეტა აეღო, რომ დასაცინი არ გავხდეთ. აი, მე გაგატანე თიკანი, შენ კი ვერ იპოვე ქალი!”
- 24სამი თვის შემდეგ ამცნეს იუდას: "შენმა რძალმა თამარმა იბოზა და ორსულადაა ახლა”. თქვა იუდამ: "გამოიყვანეთ, რათა დაიწვას”.
- 25და როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა თავის მამამთილს: "იმ კაცისგან ვარ ორსულად, ვისაც ეს ნივთები ეკუთვნის”, თან დასძინა: "ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და კვერთხი”.
- 26იცნო იუდამ და თქვა: "მართალია თამარი, რადგან მე არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ძეს”. და მეტად აღარ შეუცვნია იგი.
- 27მშობიარობის ჟამმა რომ მოაწია, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.
- 28და შობისას გამოყო ერთმა ხელი და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა; თქვა: "ეს გამოვიდა პირველად”.
- 29როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, გამოვიდა მისი ძმა. თქვა ბებიაქალმა: "როგორ გამოარღვიე ზღუდე?” და ეწოდა სახელად ფერეცი.
- 30შემდეგ მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც მეწამული ძაფი ება ხელზე; და ეწოდა სახელად ზერახი.
იტვირთება შემდეგი თავი