დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 37
- 1და დამკვიდრდა იაკობი ქანაანში, მამამისის ხიზნობის ქვეყანაში.
- 2აი, იაკობის მოდგმა: ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ძეებთან ერთად მწყემსავდა ფარას. და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მამასთან.
- 3ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.
- 4დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.
- 5და დაესიზმრა იოსებს სიზმარი. უამბო თავის ძმებს და უფრო მეტად შეიძულეს იგი.
- 6უთხრა მათ: "მოისმინეთ სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
- 7აი, შუაგულ მინდორში ძნებს ვკონავთ; წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას”.
- 8უთხრეს ძმებმა: "ნუთუ ჩვენზე გამეფდები? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?” და შეიძულეს იგი კიდევ უფრო მეტად მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.
- 9კიდევ დაესიზმრა სიზმარი და უამბო ძმებს; თქვა: "კიდევ დამესიზმრა სიზმარი, მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდა თაყვანს”.
- 10უამბო ეს მამას და ძმებს; გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: "რა არის ეს სიზმარი, რომელიც დაგესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე, დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ მიწამდე?”
- 11შეშურდათ ძმებს მისი, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.
- 12და წავიდნენ ძმები შექემში, მამის ფარის სამწყემსად.
- 13უთხრა ისრაელმა იოსებს: "შენი ძმები ხომ შექემში მწყემსავენ, მოდი, გამეგზავნე მათთან”. უპასუხა: "მზად ვარ”.
- 14უთხრა: "წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.
- 15ველზე გზა აებნა; იპოვა იგი ერთმა კაცმა და ჰკითხა: "ვის ეძებ?”
- 16უპასუხა: "ჩემს ძმებს ვეძებ; მიმასწავლე, სად მწყემსავენ”.
- 17უთხრა კაცმა: "წავიდნენ აქედან; ყური მოვკარი, რომ დოთანში მიდიოდნენ”. და გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში იპოვა ისინი.
- 18ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა.
- 19უთხრეს ერთმანეთს: "აჰა, მესიზმრეც მოდის!
- 20მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.
- 21გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა მათი ხელიდან; უთხრა: "ნუ მოვკლავთ!”
- 22თქვა რეუბენმა: "სისხლს ნუ დაღვრით! უდაბნოში რომ ორმოა, იქ ჩააგდეთ, ხელს ნუ აღმართავთ მასზე”. ეს იმიტომ თქვა, რომ დაეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
- 23და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გააძვრეს კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
- 24აიყვანეს და ჩააგდეს ორმოში; ცარიელი იყო ორმო, წყალი არ იდგა შიგ.
- 25როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.
- 26უთხრა იუდამ ძმებს: "რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
- 27მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.
- 28ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.
- 29მიბრუნდა რეუბენი ორმოსთან და ნახა, რომ აღარ იყო იქ იოსები; და შემოიხია სამოსელი.
- 30დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: "ბავშვი იქ აღარ არის! რაღა ვქნა, სადღა წავიდე?”
- 31აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.
- 32წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”
- 33იცნო მან კვართი და თქვა: "ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!”
- 34და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.
- 35ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
- 36ხოლო მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს, მიჰყიდეს.
იტვირთება შემდეგი თავი