დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.
- 2მერე აბელი შვა, მისი ძმა. გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი - მიწათმოქმედი.
- 3გავიდა ხანი და მიართვა უფალს კაენმა მიწის ნაყოფთაგან შემდგარი ძღვენი.
- 4აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს - თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
- 5კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.
- 6ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?
- 7თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
- 8უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.
- 9ჰკითხა უფალმა კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: "არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
- 10უთხრა უფალმა: "ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს.
- 11ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი.
- 12დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!”
- 13უთხრა კაენმა უფალს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი!
- 14აჰა, მაძევებ მიწის პირისაგან და დაფარული ვიქნები შენი სახისაგან, დევნილი და მოხეტიალე ვიქნები ქვეყანაზე და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა”.
- 15თქვა უფალმა: "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.
- 16გაშორდა კაენი უფლის სახეს და ედემის აღმოსავლეთით, ნოდის მიწაზე დასახლდა.
- 17შეიცნო კაენმა თავისი ცოლი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და თავისი შვილის სახელი - ენოქი უწოდა.
- 18შეეძინა ენოქს ყირადი და ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
- 19ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
- 20ყადას შეეძინა იაბალი - კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
- 21მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
- 22ხოლო ცილამ შვა თუბალ-კაენი - სპილენძისა და რკინის მჭედელი. თუბალ-კაენის დას ნაყამა ერქვა.
- 23უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: "ყადა და ცილა, ისმინეთ ჩემი! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი. მოვკალი კაცი, რადგან დამჭრა, ჭაბუკი - რადგან მგვემა.
- 24თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”
- 25კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ევამ ვაჟი და უწოდა შეთი, რადგან როგორც ევამ თქვა: "კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად მომმადლა უფალმა სხვა ნაშიერი”.
- 26შეთსაც შეეძინა ძე და სახელად უწოდა ენოში. მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
იტვირთება შემდეგი თავი