დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, ღვთის მსგავსად შექმნა იგი.
- 2კაცად და ქალად შექმნა ისინი, აკურთხა და სახელად ადამიანი უწოდა მათი შექმნის დღეს.
- 3ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და თავის მსგავსად და ხატად შეეძინა ძე, რომელსაც სახელად შეთი უწოდა.
- 4შეთის დაბადების შემდეგ ადამმა კიდევ რვაასი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 5ადამის სიცოცხლის დღეებმა სულ ცხრაას ოცდაათი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 6იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შეეძინა ენოში.
- 7ენოშის დაბადების შემდეგ შეთმა კიდევ რვაას შვიდი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 8შეთის დღეებმა ცხრაას თორმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 9იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კენანი.
- 10ენოშმა კენანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 11ენოშის დღეებმა სულ ცხრაას ხუთი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 12იცოცხლა კენანმა სამოცდაათი წელი და ეყოლა მაჰალალელი.
- 13კენანმა მაჰალალელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 14კენანის დღეებმა სულ ცხრაას ათი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 15იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი და შეეძინა იარედი.
- 16მაჰალალელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 17მაჰალალელის დღეებმა სულ რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 18იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.
- 19იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 20იარედის დღეებმა სულ ცხრაას სამოცდაორი წელი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 21იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
- 22მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი სამასი წელი დადიოდა ღმერთთან და შვა ძენი და ასულნი.
- 23ენოქის დღეები სულ სამას სამოცდახუთი წელიწადი იყო.
- 24ღმერთთან დადიოდა ენოქი და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა აიყვანა იგი.
- 25იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი და შეეძინა ლამექი.
- 26მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას ოთხმოცდაორი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 27მეთუშალახის დღეები მთლიანად ცხრაას სამოცდაცხრა წელიწადი იყო და გარდაიცვალა.
- 28იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ვაჟი.
- 29უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: "ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში უფლის მიერ დაწყევლილ მიწაზე”.
- 30ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 31ლამექის დღეებმა სულ შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 32ნოე ხუთასი წლის იყო, როცა სამი ვაჟი - სემი, ქამი და იაფეთი - შეეძინა.
იტვირთება შემდეგი თავი