დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 6

  1. 1
    როცა გამრავლდნენ ადამიანები ქვეყანაზე და შეეძინათ ასულები,
  2. 2
    იხილეს ღმერთის შვილებმა რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ვისაც ვინ მოეწონებოდა, ცოლად ირთავდა.
  3. 3
    და თქვა უფალმა: "არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.
  4. 4
    ბუმბერაზები ცხოვრობდნენ დედამიწაზე იმ ხანებში და მას მერეც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომლებიც შვილებს უჩენდნენ მათ. ძველთაგანვე სახელოვანნი იყვნენ ისინი.
  5. 5
    და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.
  6. 6
    მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა.
  7. 7
    თქვა უფალმა: "აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.
  8. 8
    მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
  9. 9
    ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.
  10. 10
    და ეყოლა ნოეს სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
  11. 11
    მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ძალადობით.
  12. 12
    გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყვნა თავისი ზნე.
  13. 13
    უთხრა ღმერთმა ნოეს: "დადგა ყოველი ხორციელის აღსასრულის დრო ჩემს წინაშე, რადგან აივსო დედამიწა მათი უსამართლობით; თავიანთ მიწასთან ერთად მოვსპობ მათ.
  14. 14
    გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და შიგნიდან და გარედან ფისი წაუსვი.
  15. 15
    ასე უნდა გააკეთო კიდობანი: სიგრძე სამასი წყრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე - ორმოცდაათი და სიმაღლე - ოცდაათი წყრთა.
  16. 16
    სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე. კარი გვერდიდან დაუტანე და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე.
  17. 17
    და აჰა, მოვავლენ წყლით წარღვნას დედამიწაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი არსება, რასაც სიცოცხლის სუნთქვა უდგას. ყოველი მიწიერი მოისპობა დედამიწაზე.
  18. 18
    შენთან კი აღთქმას დავდებ: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძენი, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
  19. 19
    ყოველგვარი ცოცხალი არსება, ყოველი ხორციელი წყვილად შეიყვანე კიდობანში, დედალ-მამალი, რომ შენთან ერთად გადარჩნენ.
  20. 20
    ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ.
  21. 21
    მოიმარაგე ყოველგვარი სანოვაგე, რაც კი იჭმევა და საზრდოდ იქონიე შენთვისაც და მათთვისაც”.
  22. 22
    და ისე გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც ღმერთმა უბრძანა. ზუსტად ისე გააკეთა.
იტვირთება შემდეგი თავი