დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 41
- 1ორი წლის თავზე სიზმარი ნახა ფარაონმა: თითქოს ნილოსის პირას იდგა;
- 2და აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ბალახობს ლერწმიანში.
- 3მერე შვიდი უშნო და გამხდარი ძროხა ამოვიდა ნილოსიდან და გვერდში ამოუდგა იმ ძროხებს ნილოსის პირას.
- 4და შეჭამეს უშნო და გამხდარმა ძროხებმა შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა. და გაეღვიძა ფარაონს.
- 5კვლავ დაეძინა და კვლავ ნახა სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოვიდა ერთ ღეროზე, საღი და სავსე.
- 6მერე აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავი.
- 7და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი; და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი.
- 8შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.
- 9და უთხრა მწდეთუხუცესმა ფარაონს: "ჩემს ცოდვებს ვიხსენებ დღეს:
- 10განურისხდა ფარაონი თავის მსახურებს და მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად დამატუსაღა.
- 11ერთ ღამეს სიზმარი გვესიზმრა მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი.
- 12იყო ჩვენთან ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები და მანაც ზუსტად აგვიხსნა ისინი.
- 13როგორც აგვიხსნა, ისე აგვიხდა: მე ჩემს ადგილზე დამაბრუნა ფარაონმა, ის კი - ჩამოკიდა”.
- 14მიავლინა კაცი ფარაონმა და მოაყვანინა იოსები. სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. გაიპარსა იოსებმა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.
- 15უთხრა ფარაონმა: "სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა ამხსნელი. შენზე გავიგე, რომ იცი სიზმრების ახსნა”.
- 16მიუგო იოსებმა ფარაონს: "მე რა ძალმიძს, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ”.
- 17და უამბო ფარაონმა იოსებს: "სიზმარში ნილოსის პირას ვიდექი.
- 18აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში იწყეს ბალახობა.
- 19მერე კიდევ შვიდი სხვა ძროხა ამოვიდა, მეტისმეტად უშნო და გამხდარი; მთელ ეგვიპტეში მათზე უშნო არაფერი მინახავს.
- 20დამჭლევებულმა და უშნო ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა შეჭამეს.
- 21შთანთქეს, მაგრამ არ ემჩნეოდათ, რომ მათ შიგნეულში იყვნენ შესული; ისეთივე უშნონი დარჩნენ, როგორც მანამდე იყვნენ და გამეღვიძა.
- 22კიდევ ვიხილე სიზმარი: შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.
- 23აჰა, სხვა შვიდი თავთავიც აღმოცენდა მათ შემდეგ, გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული.
- 24წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი შთანთქეს. ვუამბე მისნებს, მაგრამ ვერ განმიმარტეს!”
- 25უთხრა იოსებმა ფარაონს: "ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები: ღმერთი უცხადებს ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს.
- 26შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია.
- 27მათ შემდეგ ამოსული შვიდი გამხდარი და უშნო ძროხა შვიდი წელია; შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელია.
- 28ეს ისაა, რაც უკვე ვუთხარი ფარაონს - რის გაკეთებასაც აპირებს ღმერთი, სიზმრად აჩვენა მან ფარაონს.
- 29აჰა, მოდის შვიდი უხვმოსავლიანი წელი ეგვიპტის ქვეყანაში.
- 30მას შემდეგ შიმშილობის შვიდი წელიწადი დადგება და დავიწყებული იქნება სიუხვე ეგვიპტეში და შიმშილი დააუძლურებს ქვეყანას.
- 31ვეღარავინ გაიხსენებს სიუხვეს იმ შიმშილობის გამო, რომელიც დადგება, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი.
- 32და რაკი ორჯერ გამეორდა ფარაონის სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისაგანაა ეს საქმე და აღარ დააყოვნებს ღმერთი მის აღსრულებას.
- 33ახლა გამოძებნოს ფარაონმა და დააყენოს ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად გონიერი და ბრძენი კაცი.
- 34ბრძანოს ფარაონმა და ზედამხედველნი განაწესოს ქვეყანაზე, რომ მეხუთედი ახდევინოს ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის წლებში.
- 35დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, ფარაონის განმგებლობაში მყოფ ქალაქებში დაახვავონ საზრდოდ ხორბალი და შეინახონ.
- 36ხოლო შვიდწლიანი შიმშილობის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში, ეს მარაგი საზრდო იქნება ქვეყნისათვის და არ დაიღუპება შიმშილისაგან”.
- 37მოეწონა ფარაონს და მის ყველა მსახურს ეს სიტყვა.
- 38უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: "ნუთუ ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც ღვთის სულია?”
- 39და უთხრა ფარაონმა იოსებს: "რაკი ღმერთმა შენ გაუწყა ეს ყველაფერი, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი!
- 40შენ იქნები ჩემი სახლის განმგებელი, შენი სიტყვით წარიმართება მთელი ჩემი ხალხი, მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე ამაღლებული”.
- 41უთხრა ფარაონმა იოსებს: "აჰა, დაგადგინე მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად”.
- 42და წაიძრო ფარაონმა ხელიდან ბეჭედი და გაუკეთა იოსებს; ბისონის სამოსლით შემოსა და კისერზე ოქროს ძეწკვი ჩამოკიდა,
- 43დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: დაიჩოქეთ! და დაადგინა იგი განმგებლად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
- 44უთხრა ფარაონმა იოსებს: "მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელ-ფეხს ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
- 45უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული ასენათი შერთო ცოლად; და გამოვიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.
- 46ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა ეგვიპტის ფარაონის წინაშე წარსდგა. გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.
- 47უხვი მოსავალი წარმოქმნა მიწამ სიუხვის შვიდწლეულში.
- 48და შეაგროვა იოსებმა მთელი შვიდი წლის მოსავალი, რომელიც ფრიად უხვად მოვიდა ეგვიპტის ქვეყანაში და საზრდოდ დაუდგინა ქალაქებს. თითოეულ ქალაქს თავისი შემოგარენი მინდვრებიდან აღებული მოსავალი დაუდგინა საზრდოდ.
- 49ზღვის ქვიშასავით დაახვავა იოსებმა ხორბალი, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან სათვალავი აღარ იყო.
- 50ორი ვაჟი შეეძინა იოსებს შიმშილობის წელიწადის დადგომამდე, რომლებიც ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა უშვა.
- 51და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: "ღმერთმა დამავიწყა ყოველგვარი ტანჯვა და მამაჩემის სახლეული”.
- 52მეორეს დაარქვა ეფრემი, რადგან თქვა: "ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი წამების ქვეყანაში”.
- 53დასრულდა სიუხვის შვიდი წელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში იდგა
- 54და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელი, როგორც თქვა იოსებმა. ყველა ქვეყანა შიმშილობდა, ხოლო ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.
- 55და როცა მთელი ეგვიპტის ქვეყანაც დაიმშა, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისთვის; და გამოუცხადა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: "იოსებთან მიდით და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით”.
- 56შიმშილი იყო დედამიწის ზურგზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ ძლიერდებოდა შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში.
- 57ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი დედამიწაზე.
იტვირთება შემდეგი თავი