დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 42

  1. 1
    როცა გაიგო იაკობმა, რომ ხორბალი იყო ეგვიპტეში, უთხრა თავის ძეებს: "რას უყუ­რებთ?”
  2. 2
    თქვა: "გავიგე, რომ არის ხორბალი ეგვიპტეში. წადით და იყიდეთ ხორბალი, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ!”
  3. 3
    და ჩავიდნენ იოსების ძმები ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად.
  4. 4
    ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუგზავნია იაკობს ძმებთან ერთად, რადგან ამბობდა: "ფათერაკი არ შეემთხვასო”.
  5. 5
    და მივიდნენ ისრაელის ძენი სხვა მიმსვლელებთან ერთად ხორბლის საყიდლად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.
  6. 6
    ქვეყნის განმგებელი იყო იოსები; ის ასყიდებდა ხორბალს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და მიწამდე სცეს თაყვანი.
  7. 7
    დაინახა თუ არა, იცნო იოსებმა თავისი ძმები, მაგრამ თავი არ გაამხილა და მკაცრად ელაპარაკა. ჰკითხა: "საიდან მოხვედით?” უპასუხეს: "ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად”.
  8. 8
    იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი.
  9. 9
    და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათ შესახებ რომ დაესიზმრა. უთხრა: "ჯაშუშები ხართ, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით”.
  10. 10
    უთხრეს: "არა, ბატონო, საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი!
  11. 11
    ყველანი ერთი კაცის ძენი ვართ; პატიოსანი ხალხი ვართ შენი მსახურნი, ჯაშუშები არა ვართ!”
  12. 12
    თქვა იოსებმა: "არა, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით!”
  13. 13
    უთხრეს: "თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ერთი კაცის ძენი, ქანაანის ქვეყნიდან; უმცროსი მამასთან დარჩა, ერთი კი აღარ გვყავს”.
  14. 14
    თქვა იოსებმა: "ასეა, როგორც გითხარით, ჯაშუშები ხართ!
  15. 15
    ამით გამოიცდებით: ფარაონს ვფიცავ, მანამდე ვერ გახვალთ აქედან, სანამ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.
  16. 16
    გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. მაშინ გავიგებ, თუ სიმართლე მითხარით. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, ჯაშუშები ყოფილხართ”.
  17. 17
    და სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.
  18. 18
    უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: "ასე მოიქეცით და იცოცხლებთ, რადგან ღვთისმოშიში კაცი ვარ!
  19. 19
    გულწრფელნი თუ ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, დანარჩენები კი წადით და ხორბალი წაუღეთ თქვენს მშიერ სახლეულს.
  20. 20
    მოიყვანეთ ჩემთან თქვენი უმცროსი ძმა, ამით დადასტურდება თქვენი სიტყვები და არ მოკვდებით”. ასეც მოიქცნენ.
  21. 21
    უთხრეს ერთმანეთს: "ნამდვილად დამნაშავენი ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვხედავდით მის ტანჯვას, როცა გვევედრებოდა, ჩვენ კი არ შევისმინეთ! ამიტომ დაგვატყდა ეს გასაჭირი”.
  22. 22
    თქვა რეუბენმა: "ხომ გეუბნებოდით, არ შეგეცოდათ ბიჭის წინააღმდეგ და არ დამიჯერეთ. აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი”.
  23. 23
    არ ეგონათ, რომ ესმოდა იოსებს, რადგან თარჯიმანი იდგა მათ შორის.
  24. 24
    შეტრიალდა იოსები და აქვითინდა. მერე მოუბრუნდა და დაელაპარაკა. სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.
  25. 25
    ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ტომრები, ფულიც უკან ჩაედოთ მათსავე ტომრებში და საგზალიც მიეცათ მათთვის. და შეასრულეს ბრძანება.
  26. 26
    აჰკიდეს ხორბალი სახედრებს და გაემგზავრნენ.
  27. 27
    ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა პირი მოხსნა ტომარას, რათა საკვები დაეყარა სახედრისათვის და თავისი ვერცხლი დაინახა: ტომრის პირზე იდო.
  28. 28
    უთხრა ძმებს: "დაუბრუნებიათ ჩემი ფული, აჰა, ჩემს ტომარაშია!” გული შეუკრთათ და თრთოლვით უთხრეს ერთმანეთს: "ეს რა გვიყო ღმერთმა?”
  29. 29
    და მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და, უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს:
  30. 30
    "მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი და ჯაშუშებად მიგვიჩნია.
  31. 31
    ვუთხარით: "პატიოსანი კაცები ვართ, არ ვართ ჯაშუშები,
  32. 32
    თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები, ერთი ჩვენთან აღარაა, უმცროსი კი მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში”.
  33. 33
    გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: "ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა ჩემთან დატოვეთ, დანარჩენებმა კი წაიღეთ ხორბალი თქვენი მშიერი სახლეულისათვის და წადით.
  34. 34
    მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და მაშინ დავიჯერებ, რომ ჯაშუშები კი არა, პატიოსანი ხალხი ხართ. დაგიბრუნებთ თქვენს ძმას და ივაჭრებთ ამ ქვეყანაში”.
  35. 35
    თავ-თავისი ტომრები რომ გადმოცალეს, აჰა, თითოეულმა თავისი ფულის ქისა იპოვა ტომარაში. დაინახეს მათ და მათმა მამამ თავისი ფულის ქისები და შეეშინდათ.
  36. 36
    უთხრა იაკობმა, მათმა მამამ: "შვილმკვდარად მაქციეთ: იოსები აღარ არის, სიმონი აღარ არის და ბენიამინიც მიგყავთ; ყველაფერი მე დამატყდა თავს!”
  37. 37
    უპასუხა რეუბენმა მამამისს: "ორივე ძე მომიკალი, უკან თუ არ მოგიყვანო; მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ”.
  38. 38
    მაგრამ უთხრა მას მამამისმა: "არ წამოვა თქვენთან ერთად ჩემი ძე, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა დამრჩა. და თუ ხიფათი შეემთხვევა გზაზე, სადაც მიდიხართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.
იტვირთება შემდეგი თავი
დაბადება 42 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა