დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 49
- 1მოუხმო იაკობმა თავის ძეებს და უთხრა: "შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
- 2შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს!
- 3რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და სათავე ჩემი ძალისა, აღმატებულება ღირსებისა და აღმატებულება ძლევამოსილებისა!
- 4მაგრამ წყალივით დაუოკებელი ხარ და ვერ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი!
- 5სიმონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის იარაღია მათი მახვილი.
- 6ნუ მივა მათ თათბირზე სული ჩემი, ნუმც ზიარებულა მათ საკრებულოს ღირსება ჩემი! რადგან მრისხანებაში მოკლეს კაცი და თავისი ჟინით გამოძარღვეს ხარი!
- 7წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან დაუნდობელია; და გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
- 8იუდა! გაქებენ ძმები. მტრის ხერხემალზე გიდევს ხელი და გეთაყვანებიან მამაშენის ძენი.
- 9ლომის ბოკვერია იუდა; ნადავლზე აღმართულხარ, შვილო. წაიხარა, გაწვა, როგორც ხვადი ლომი და როგორც ძუ ლომი - ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
- 10არ განშორდება კვერთხი იუდას, არც არგანი მმართველობისა მის ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი; და დაემორჩილებიან მას ხალხები!
- 11გამოაბამს ვაზზე თავის ჩოჩორს, ლერწზე - თავისი ფაშატის ნაშიერს. ღვინოში გარეცხავს თავის ტანსაცმელს, ყურძნის სისხლში - სამოსელს.
- 12თვალები მისი ღვინოზე უწითლესია, კბილები მისი - რძეზე უთეთრესი!
- 13ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დამკვიდრდება, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; ციდონს მისწვდება საზღვარი მისი!
- 14ისაქარი საპალნეებს შორის გაწოლილი ძვალმსხვილა სახედარია.
- 15იხილა, რომ კარგია მოსვენება, რომ საამოა მიწა: ტვირთის საზიდად წაუხრია ქედი, ხარკის მუშად იქცა!
- 16დანი განსჯის თავის ხალხს, როგორც ერთ-ერთი ტომი ისრაელისა.
- 17იქნება დანი გველად გზაზე და გესლიან ასპიტად - ბილიკზე, რომელიც გესლავს ცხენის ტერფს და უკან გადაექანება მხედარი!
- 18შენგან მოველი ხსნას, უფალო!
- 19მოაწყდებიან გადს ურდოები, ის კი თავად მისწვდება მათ ქუსლებს.
- 20აშერის პური ნოყიერია, გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
- 21ნაფთალი - ფეხმარდი ფურირემია, კაზმული სიტყვების მომცემი.
- 22ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზი წყლისპირთან, გალავანზეა გასული მისი ლერწები!
- 23გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
- 24ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.
- 25მამაშენის ღმერთისაგან, რომელიც გშველის და ყოვლადძლიერისგან, რომელიც გაკურთხებს ზეციური კურთხევით ზემოდან, უფსკრულში გაწოლილი კურთხევით ქვემოდან, ძუძუთა და საშოს კურთხევით.
- 26კურთხევა მამაშენისა აღემატება ჩემი მშობლების კურთხევას საუკუნო მთათა მიჯნამდე; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
- 27მტაცებელი მგელია ბენიამინი: დილით ნანადირევს ჭამს და საღამოს ნადავლს იყოფს”.
- 28ეს ყველანი ისრაელის თორმეტი ტომია. ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული თავისი კურთხევით აკურთხა.
- 29და უანდერძა მათ: "მალე შევუერთდები ჩემს ხალხს; და დამკრძალეთ ჩემს მამებთან მღვიმეში, რომელიც ხეთელი ყეფრონის ველზეა.
- 30მღვიმეში, რომელიც მახფელას ველზეა, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში; მინდორზე, რომელიც აბრაჰამმა იყიდა ხეთელი ყეფრონისაგან საკუთარ სამარხად.
- 31იქ დაკრძალეს აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი; იქ დაკრძალეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავკრძალე მე ლეა.
- 32ეს ველი და მღვიმე, რომელიც იქ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი”.
- 33დაასრულა იაკობმა ანდერძი თავისი ძეებისათვის, აკრიბა სარეცელზე ფეხები, აღესრულა და შეუერთდა თავის ხალხს.
იტვირთება შემდეგი თავი