დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 50
- 1დაემხო იოსები მამის პირსახეს, დასტიროდა და ჰკოცნიდა მას.
- 2უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი.
- 3შეუსრულდა მას ორმოცი დღე, რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა შემურვას. და დასტიროდა ეგვიპტე სამოცდაათი დღე.
- 4განვლო გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლეულს: "თუკი ვპოვე მადლი თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს:
- 5მამაჩემმა დამაფიცა ამ სიტყვებით: "აჰა, ვკვდები მე, ჩემს სამარხში, ქანაანის ქვეყანაში რომ გავითხარე, იქ დამმარხეთ”. ახლა ნება მომეცი, წავიდე, დავმარხო მამაჩემი და დავბრუნდები”.
- 6უთხრა ფარაონმა: "წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა”.
- 7წავიდა იოსები მამის დასამარხად. და წაჰყვა ფარაონის ყველა მსახური, მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი;
- 8იოსების მთელი სახლეული, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის ქვეყანაში.
- 9მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და მხედრები, ფრიად დიდი კრებული იყო ეს.
- 10და მივიდნენ ჰატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა; იქ დაიტირეს იაკობი დიდი და მძიმე გოდებით. შვიდი დღე იგლოვა მამამისი.
- 11იხილეს ქანაანელებმა გლოვა ჰატადის კალოზე და თქვეს: "მძიმეა ეგვიპტელთა ეს გლოვა!” ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სახელად აბელ-მიცრაიმი, რომელიც იორდანეს გაღმაა.
- 12და ყველაფერი ისე აღუსრულეს მისმა ძეებმა, როგორც უანდერძა მათ.
- 13წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში და დაკრძალეს მახფელას ველის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ, რომელიც ამ ველთან ერთად იყიდა აბრაჰამმა ხეთელი ყეფრონისგან.
- 14დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, თავის ძმებთან და ყველასთან ერთად, ვინც კი მამამისის დასაკრძალად იყო წასული, მას შემდეგ, რაც დაკრძალა მამამისი.
- 15იხილეს იოსების ძმებმა, რომ გარდაიცვალა მათი მამა და თქვეს: "ვაითუ გვიმტროს იოსებმა იმ ბოროტებისთვის, რაც მას გავუკეთეთ!”
- 16და შეუთვალეს იოსებს ამ სიტყვებით: "სიკვდილის წინ დაგვიბარა მამაშენმა:
- 17‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, შეუნდე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტად მოგექცნენ.’ ახლა შეუნდე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს”. და ატირდა იოსები, როდესაც ამას ეუბნებოდნენ.
- 18მივიდნენ მისი ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: "აჰა, შენი მონები ვართ!”
- 19უთხრა მათ იოსებმა: "ნუ გეშინიათ, განა ღმერთის მაგიერი ვარ?
- 20ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექმნა ის, რაც დღეს ხდება: ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე.
- 21ამიტომ ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენც და თქვენს ბავშვებსაც”. ანუგეშა ისინი და გულითადად ელაპარაკა.
- 22და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის სახლეულთან ერთად. ას ათი წელი იცოცხლა იოსებმა.
- 23და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე; მაქირის, მენაშეს ძის შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ.
- 24უთხრა იოსებმა თავის ძმებს: "ვკვდები, მაგრამ უსათუოდ გაგიხსენებთ ღმერთი და გაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომლის შესახებაც შეჰფიცა აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს”.
- 25და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: "როცა ღმერთი გაგიხსენებთ, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!”
- 26გარდაიცვალა იოსები ას ათი წლისა. შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.