აბაკუმი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 2

  1. 1
    დავდგები ჩემს სადარაჯოზე, ავალ კოშკზე და დავაყურადებ, რომ ვნახო რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.
  2. 2
    მიპასუხა უფალმა და მითხრა: ჩაწერე ჩვენება და დაფებზე ამოტვიფრე, რომ იოლად წაიკითხოს მკითხველმა.
  3. 3
    რადგან დადგენილ ჟამს ეხება ხილვა, დასასრულს აცხადებს და არ გაცუდდება. თუ დააყოვნებს, დაელოდე, ვინაიდან უცილობლად მოვა, არ დააგვიანებს.
  4. 4
    აჰა, მედიდურ კაცში გულიც არაწრფელია, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.
  5. 5
    ღვინო ცბიერია და არ აძლევს მას მოსვენებას. საფლავივით იფართოებს პირს, სიკვდილივით გაუმაძღარია, თავისთან აგრ­ოვებს ყველა ერს და კრებს ყველა ხალხს.
  6. 6
    განა ყველანი საარაკოდ არ გახდიან მას? შაირებითა და ქარაგმებით ილაპარაკებენ მის წინააღმდეგ. იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებსო! როდემდე? და მძიმე ვალდებულებებით იმძიმებსო თავს.
  7. 7
    განა უცებ არ აღდგებიან შენი მევალენი და გამოფხიზლდებიან შენი დამაფრთხობელნი? უსათუოდ მათ ნადავლად იქცევი.
  8. 8
    რადგან გაძარცვე მრავალი ერი, ამიტომ გაგძარცვავს ყველა ხალხი ადამიანის სისხლისღვრისთვის და ქვეყანაზე, ქალაქსა და მასში მცხოვრებლებზე ძალადობისთვის.
  9. 9
    ვაი უმართლოდ ქონების მომხვეჭელს თავისი სახლისთვის, მაღლა რომ მოიწყოს ბუდე უბედურებისგან თავის დასაცავად.
  10. 10
    სირცხვილი განგიზრახავს შენი სახლისთვის, მრავალი ხალხის მოსპობა. დანაშაულს სჩადის შენი სული.
  11. 11
    რადგან ქვა იღაღადებს კედლიდან და ხის ძელი გამოეპასუხება მას.
  12. 12
    ვაი მას ვინც სისხლისღვრით აშენებს დაბას და უსამართლობაზე აფუძნებს ქალაქს.
  13. 13
    განა ცაბაოთ უფლისგან არაა, რომ ცეცხლისთვის შრომობენ ხალხები და ამაოებისთვის იტანჯებიან ერები?
  14. 14
    რადგან უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვას ავსებენ წყლები.
  15. 15
    ვაი შენ, ღვარძლით შეზავებულ სასმელს რომ ასმევდი შენს მოყვასს, რათა დაგეთრო და მისი სიშიშვლისთვის გეყურებინა.
  16. 16
    სირცხვილით გაძღები პატივის ნაცვლად. ახლა შენც დალიე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე; შენც მოგიბრუნდება ფიალა უფლის მარჯვენისა და სირცხვილი დიდე­ბის სანაცვლოდ.
  17. 17
    ვინაიდან ლიბანზე გაწეული ძალადობა დაგფარავს და შიშის ზარი დაგეცემა - ცხოველთა განადგურების, ადამიანთა სისხლისღვრის, ქვეყნის, ქალაქისა და ყველა მასში მცხოვრების აოხრების გამო.
  18. 18
    რა სარგებელია ოსტატის ხელნაკეთი კერპისგან ან ჩამოსხმული ცრუმოძღვრისგან? თუმცა თავის ქმნილებებზეა დანდობილი მუნჯი კერპების გამკეთებელი.
  19. 19
    ვაი მას, ვინც ეუბნება ხეს, გაიღვიძეო; მდუმარე ქვას - გამოფხიზლდიო! განა გასწავლიან რაიმეს ისინი? აჰა, ოქრო-ვერცხლითაა მოჭედილი და არავითარი სული არ არის მასში.
  20. 20
    უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია. მის წინაშე დადუმდეს მთელი ქვეყნიერება.
იტვირთება შემდეგი თავი