აბაკუმი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1საგალობელი ვედრება წინასწარმეტყველ აბაკუმისა.
- 2უფალო, ამბავი გავიგონე შენს შესახებ და შემეშინდა. ჩვენს დროშიც მოიმოქმედე შენი საქმენი, ჩვენს დროშიც გააცხადე; გაიხსენე წყალობა შენი რისხვისას.
- 3თემანიდან მოდის ღმერთი, და წმიდა - ფარანის მთიდან. მისმა ბრწყინვალებამ დაფარა ზეცა და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა.
- 4მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.
- 5წინ შავი ჭირი მიუძღვება, ფეხდაფეხ სასჯელი მიჰყვება.
- 6შედგა და შეარყია დედამიწა, შეხედა და შეაძრწუნა ერები. გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო მაღლობები, საუკუნოა მისი გზები.
- 7უბედურებაში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები.
- 8განა მდინარეების წინააღმდეგ იყო უფლის გულისწყრომა? განა მდინარეების წინააღმდეგ იყო შენი რისხვა, ან ზღვის წინააღმდეგ შენი მძვინვარება, შენს ცხენებზე, შენი გადარჩენის ეტლებზე რომ ამხედრდი?
- 9მშვილდი იშიშვლე, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული; მდინარეებით დაღარე დედამიწა.
- 10დაგინახეს და იძვრნენ მთები, წყლის ნაკადებმა გადაიარეს; უფსკრულმა გამოსცა ხმა და ხელები ასწია.
- 11მზე და მთვარე გაირინდნენ თავიანთ სადგომებში. სინათლესავით მოდიოდა შენი ისრები, ელვარებდა შენი შუბის ბრწყინვალება.
- 12გულისწყრომით დადიხარ დედამიწაზე და რისხვით თელავ ერებს.
- 13შენი ხალხის გადასარჩენად, შენი ცხებულის გამოსახსნელად გამოხვედი; ჭერი ჩაუნგრიე უკეთურის სახლს, ფუძიდან სახურავამდე გააშიშვლე.
- 14მისივე შუბით განუგმირე თავი მის ბელადებს, როცა შემოიჭრნენ ჩვენს გასაფანტად და ყიჟინებდნენ, რომ მალულად ჩაეყლაპათ ჩაგრული.
- 15შენი ცხენებით გათელე ზღვა, ადიდებული წყლის ზვირთები.
- 16მოვისმინე და შემეძრა გულ-მუცელი, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ძვლებმა იწყეს ტეხა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები უბედურების დღეს, როცა აღსდგებიან ჩემი ხალხის წინააღმდეგ და თავს დაესხმიან.
- 17თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი და აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი და მინდვრებმა საზრდო არ მოიტანონ; მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსელში საქონელი,
- 18მე მაინც უფალში გავიხარებდი, მუდამ ვილხენდი ჩემი ხსნის ღმერთში.
- 19უფალი, ღმერთი ჩემი ძალაა, ფურ-ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს მაღლობებს მომატარებს. გუნდის ლოტბარს - ჩემს სიმებიან საკრავებზე.