ანგია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1დარიოსის მეფობის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მეშვეობით იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძისა და მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის მიმართ:
- 2ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო უფლის სახლის აშენების დრო.
- 3და იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მიერ:
- 4იმის დრო ხომ დადგა, რომ შეფიცრულ სახლებში ცხოვრობდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?
- 5ახლა კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჩაუკვირდით თქვენს გზებს.
- 6ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ რწყულდებით, იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. თუ ვინმე რამეს შოულობს, გახვრეტილი ქისისთვის შოულობს.
- 7ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჩაუკვირდით თქვენს გზებს!
- 8ადით მთაზე, მორები აიტანეთ და ხელახლა ააშენეთ ტაძარი. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები - ამბობს უფალი.
- 9დიდი მოსავლის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ, აჰა, მცირედს ღებულობთ და რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ? - ამბობს ცაბაოთ უფალი - იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი საკუთარი სახლებისკენ გარბიხართ.
- 10ამიტომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ - მოსავალი.
- 11გვალვას მოვუხმე მიწაზე, მთებზე, მარცვლეულზე, მაჭარზე, ზეთზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანებზე, საქონელსა და თქვენი ხელის მთელ ნაჯაფარზე.
- 12ისმინეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, უფალმა, მათმა ღმერთმა რომ გამოგზავნა; და შეშინდა ხალხი უფლის წინაშე.
- 13თქვა ანგიამ, უფლის მაცნემ, უფლის უწყებაში: მე თქვენთანა ვარ, - ამბობს უფალი.
- 14და აღძრა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, იესო იეჰოცადაკის ძის, მღვდელმთავრის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში,
- 15მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეორე წელს.
იტვირთება შემდეგი თავი