ანგია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 2

  1. 1
    მეშვიდე თვის ოცდამეერთე დღეს ასეთი სიტყვა იყო უფლისაგან, წინასწარმეტყველ ანგიას მეშვეობით:
  2. 2
    ახლა ასე ელაპარაკე ზერუბაბელ შეალთიელის ძეს, იუდას განმგებელს, მღვდელმთავარ იესოს, იეჰოცადაკის ძეს და დანარჩენ ხალხს:
  3. 3
    თქვენს შორის ვინ შემორჩა, ვისაც ეს სახლი აქვს ნანახი მისი პირვანდელი დიდებისას? ახლა როგორ გიჩანთ თვალში? განა არარაობა არაა თქვენს თვალში მასთან შედარებით?
  4. 4
    ახლა კი განმტკიცდი, ზერუბაბელ - ამბობს უფალი - და გამხნევდი, მღვდელმთავარო იესო, იეჰოცადაკის ძევ; გამაგრდი, ქვეყნის მთელო ხალხო - ამბობს უფალი - იმუშავეთ, რადგან თქვენთან ერთად ვარ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  5. 5
    სიტყვა, რომელიც აღგითქვით ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას - სული ჩემი თქვენს შორისაა დავანებული: ნუ გეშინიათ!
  6. 6
    რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: სულ მალე კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს.
  7. 7
    შევძრავ ყველა ერს და მოვლენ ხალხთა მთელი სიმდიდრით და ავავსებ ამ სახლს დიდებით - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  8. 8
    ჩემია ოქრო და ჩემია ვერცხლი - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  9. 9
    პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ ტაძრის დიდება - ამბობს ცაბაოთ უფალი - და მშვიდობას დავამკვიდრებ ამ ადგილზე - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  10. 10
    მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ანგიას მიმართ:
  11. 11
    ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, შეეკითხე ახლა მღვდლებს რჯულის შესახებ:
  12. 12
    კაცმა რომ წმიდა ხორცი წაიღოს თავისი სამოსლის კალთით და შეეხოს თავისი კალთით პურს ან შეჭამანდს, ღვინოს ან ზეთს და ან სხვა ნებისმიერ საჭმელს, განიწმიდება? უპასუხეს მღვდლებმა და უთხრეს: არა.
  13. 13
    ჰკითხა ანგიამ: ბილწი ვინმე რომ შეეხოს ყოველივე ამას, შეიბილწება? უპასუხეს მღვდლებმა და უთხრეს: შეიბილწება.
  14. 14
    მაშინ მიუგო ანგიამ და უთხრა: ასეთია ეს ხალხი და ასეთია ეს ერი ჩემს წინაშე - ამბობს უფალი - ასეთია ყოველი მათი ნახელავი, რასაც შესწირავენ, ბილწია.
  15. 15
    ამ დღიდან მოყოლებული გულით დაუკვირდით იმას, რაც ადრე ხდებოდა; სანამ ქვა ქვაზე დაიდება უფლის ტაძარში;
  16. 16
    იყო დრო, მოდიოდნენ ოცძნიან ზვინთან და ათი იყო, მოდიოდნენ ორმოცდაათ საწყაულიან ქვევრთან ღვინის ამოსახაპად და ოცი ხვდებოდათ.
  17. 17
    ხორშაკითა და სეტყვით ვგვემდი თქვენს ყოველ ნაშრომს, მაგრამ არ მოიქეცით ჩემკენ - ამბობს უფალი.
  18. 18
    იმ დღიდან მოყოლებული, მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, როცა საძირკველი ჩაეყარა უფლის ტაძარს; გულით დაუკვირდით:
  19. 19
    კიდევაა ბეღელში თესლი? დღემდე არ გამოუღია ნაყოფი ვაზს, ლეღვს, ბროწეულსა და ზეთისხილს. ამ დღიდან კი ვაკურთხებ!
  20. 20
    თვის ოცდამეოთხე დღეს მეორედაც იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ ნათქვამი:
  21. 21
    უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევძრავ ცასა და დედამიწას!
  22. 22
    დავამხობ სამეფოთა ტახტებს და მოვსპობ წარმართთა სამეფოების სიმაგრეს! ავაყირავებ ეტლებს და მათზე მსხდომთ და დაემხობიან ცხენები და მხედრები თითოეული თავისი ძმის მახვილით.
  23. 23
    იმ დღეს - ამბობს ცაბაოთ უფალი - წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შეალთიელის ძევ, მსახურო ჩემო - ამბობს უფალი - და დაგადგენ შენ, როგორც ბეჭედს, ვინაიდან შენ ამოგარჩიე - ამბობს უფალი ძალთამპყრობელი!