ებრაელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1ამიტომ ჩვენც, გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი,
- 2და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
- 3დაუკვირდით მას, ვინც ესოდენი სიძულვილი დაითმინა ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი.
- 4ჯერ კიდევ არ შეწინააღმდეგებიხართ ცოდვას სისხლამდე საბრძოლველად.
- 5და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: "შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ;
- 6რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”.
- 7წვრთნას გაუძელით, რადგან როგორც ძეებს, ისე გექცევათ ღმერთი. რომელ ძეს არ წვრთნის მამა?
- 8ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რომელშიც ყველას უწევს გავლა, მაშინ ბუშები ყოფილხართ და არა შვილები.
- 9თუ ჩვენი ხორციელი მამების წვრთნას მოწიწებით ვიღებდით, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?
- 10ისინი მცირე დღეებისთვის გვწვრთნიდნენ თავის ნებისამებრ, ეს კი - ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში.
- 11ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც სიმართლის მიერ განისწავლა.
- 12მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.
- 13მოასწორეთ გზები თქვენი ფეხებისთვის, რათა კოჭლმა კი არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს.
- 14ეცადეთ მშვიდობა და სიწმიდე იქონიოთ ყველასთან, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.
- 15გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რაიმე მწარე ფესვი არ აღმოცენდეს, ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს;
- 16რომ არ იყოს თქვენ შორის მრუში ან უღვთო, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა.
- 17რადგან იცით, რომ ამის შემდეგ, როცა მემკვიდრეობით კურთხევის მიღება მოისურვა, უკუგდებულ იქნა, და ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას.
- 18ვინაიდან არ მიახლოებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აგიზგიზებულს, ან ბურუსით, წყვდიადითა და ქარიშხლით მოცულს,
- 19არც საყვირისა და სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, აღარ გაგრძელებულიყო სიტყვა,
- 20ვინაიდან აღარ შეეძლოთ ნაბრძანების ატანა: "მხეციც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს”.
- 21იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემ თქვა: "შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ”.
- 22არამედ მიეახლეთ სიონის მთასა და ცოცხალი ღვთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ათიათასობით ანგელოზს,
- 23მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;
- 24და ახალი აღთქმის შუამავალს - იესოს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.
- 25ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც ქვეყნად მაუწყებელი უარყვეს, მით უფრო ჩვენ - თუ ზეციდან მაუწყებელს შევაქცევთ ზურგს,
- 26რომლის ხმამაც შეძრა მაშინ დედამიწა; ახლა კი, აღგვითქვამს და ამბობს: "კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც”.
- 27ეს "კიდევ ერთხელ” ნიშნავს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.
- 28ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.
- 29რადგან ჩვენი ღმერთი მშთანმთქმელი ცეცხლია.
იტვირთება შემდეგი თავი