ებრაელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1დარჩით ძმურ სიყვარულში.
- 2სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ მასპინძლობა ისე, რომ არ სცოდნიათ.
- 3გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს თქვენც მათთან ერთად ხართ შებორკილნი; და ტანჯულნი, თითქოს მათ სხეულში იმყოფებით.
- 4ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი - შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.
- 5ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: "არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.
- 6ამიტომ თამამად ვამბობთ: "უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?”
- 7გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.
- 8იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.
- 9არ გაგიტაცოთ სხვადასხვა უცხო მოძღვრებამ; კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმლით, რომლისგანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა.
- 10ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არ აქვთ კარვის მსახურებს.
- 11ვინაიდან ცხოველთა სხეულს, რომელთა სისხლი მღვდელმთავარს ცოდვებისთვის შეაქვს წმიდათა წმიდაში, ბანაკს გარეთ წვავენ,
- 12ამიტომ იესოც, იმისთვის, რომ ხალხი თავისი სისხლით განეწმიდა, კარიბჭის გარეთ იტანჯა.
- 13მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა;
- 14ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ.
- 15მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.
- 16არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.
- 17მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის.
- 18ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ კეთილი სინდისი გვაქვს და გვსურს კეთილად ვიქცეოდეთ ყველაფერში.
- 19უფრო მეტად კი შეგაგონებთ გააკეთოთ ეს იმისთვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან.
- 20ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო,
- 21სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში თავისი ნების შესასრულებლად და იესო ქრისტეს მეშვეობით მისი მოსაწონის საქმნელად თქვენში. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
- 22გთხოვთ, ძმებო, შეიწყნაროთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ.
- 23იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლდა და, თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ.
- 24მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღოლი და ყველა წმიდანი. მოკითხვას გითვლიან იტალიელები.
- 25მადლი ყველა თქვენგანს, ამინ!