ოსია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1ქარს მწყემსავს ეფრემი და აღმოსავლეთის ქარს დასდევს, ყოველდღიურად სიცრუესა და ნგრევას ამრავლებს; აღთქმას აშურთან დებს, ზეთს კი ეგვიპტეში ეზიდება.
- 2დავა აქვს უფალს იუდასთან, ის მოჰკითხავს იაკობს მისი გზების მიხედვით და მიუზღავს მისი ბოროტი საქმეებისამებრ.
- 3მუცელშივე მოეჭიდა თავის ძმას ქუსლზე და თავისი ძალით შეეჭიდა ღმერთს.
- 4გაუძალიანდა ანგელოზს და სძლია, ტიროდა და ევედრებოდა მას. ბეთელში გვიპოვა იაკობი და იქ გველაპარაკა.
- 5უფალი, ცაბაოთ ღმერთი, უფალია სახელი მისი.
- 6შენ კი, შენს ღმერთს დაუბრუნდი, წყალობასა და სამართალზე იფხიზლე და ყოველთვის შენს ღმერთს დაელოდე.
- 7ყალბი სასწორია ქანაანელის ხელში, უყვარს ჩაგვრა!
- 8თქვა ეფრემმა: "თუმცა გავმდიდრდი და ქონება შევიძინე, მთელ ჩემს ნაშრომში ვერ მიპოვნიან ურჯულოებას, რომელშიც შემიცოდავს”.
- 9მაგრამ მე, უფალი, ვარ შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან რომ გამოგიყვანე! კვლავ დაგასახლებ კარვებში, როგორც იმ დადგენილ დღეებში.
- 10წინასწარმეტყველებსაც ველაპარაკე და ხილვებიც გავამრავლე. წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავებით ვილაპარაკე.
- 11თუ ურჯულოებას გადაეცა გილყადი, ამაოებად იქცევა. გილგალში ხარებს სწირავდნენ, მათი სამსხვერპლოები ქვების გროვებივითაა მინდვრის ხნულებში.
- 12არამის ქვეყანაში გაიქცა იაკობი და ცოლისთვის მუშაობდა ისრაელი და ცოლისთვის მწყემსავდა.
- 13წინასწარმეტყველის ხელით გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მიერ იქნა დაცული.
- 14ეფრემმა განარისხა თავისი უფალი, მასზეა მისი სისხლისმღვრელი საქმეები და დიდი ბატონი მიუზღავს მას სიძულვილისთვის.
იტვირთება შემდეგი თავი