ოსია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1ეფრემი რომ ლაპარაკობდა, ძრწოლას იწვევდა. ის აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაყალის გამო და მოკვდა.
- 2ახლა უმატეს ცოდვას; ვერცხლისგან ქანდაკებები ჩამოისხეს, კერპები გაიკეთეს ოსტატურად, ყველა მათგანი ოსტატის მიერ არის ნაკეთები. ამბობენ: "კაცმა, მსხვერპლს რომ მოიტანს, ხბოს აკოცოსო”.
- 3ამიტომ დილის ნისლივით იქნებიან ისინი, ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადენილი კვამლივით.
- 4მაგრამ მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; ჩემ გარდა სხვა ღმერთს არ უნდა იცნობდეთ, რადგან არავინაა მხსნელი, მხოლოდ მე ვარ.
- 5მე გიცნობდი შენ უდაბნოში, გვალვიან მიწაზე.
- 6როცა საძოვრები გაუჩნდათ, გაძღნენ და გული გაუამაყდათ, ამის გამო დამივიწყეს.
- 7ამიტომ ლომივით ვიქნები მათთვის, ვეფხვივით დავუდარაჯდები გზაზე.
- 8ბელებწართმეული დათვივით დავეცემი მათ, გულის ფიცარს დავუგლეჯ და შევჭამ, როგორც ლომი ჭამს; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ.
- 9თავი დაიღუპე, ისრაელო, რადგან ჩემს წინააღმდეგ ხარ, შენი შემწეს წინააღმდეგ.
- 10სად არის ახლა შენი მეფე, რომ შენც გიხსნას და შენი ყველა ქალაქიც? ან შენი მსაჯულები, რომლებსაც სთხოვდი: მეფე და მთავრები მომეციო?
- 11ჩემი წყრომის დროს მოგეცი მეფე და წაგართვი ჩემი რისხვისას.
- 12შეფუთულია ეფრემის ურჯულოება, შემონახულია მისი ცოდვები.
- 13მშობიარეს ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, რადგან ახლა იმის დრო არ არის, რომ საშოს კარებთან დაყოვნდეს.
- 14გამოვისყიდი მათ, ქვესკნელის ხელიდან! სიკვდილისგან გამოვისყიდი! მე ვიქნები შენი წყლული სიკვდილო! მე ვიქნები შენი განადგურება ქვესკნელო! არ დაგინდობს ჩემი თვალი!
- 15თუმცა ნაყოფიერია იგი ძმათა შორის, მაგრამ ამოვარდება აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყაროები, დაიშრიტება მისი სათავეები და ის გაძარცვავს მთელი მისი ძვირფასი ჭურჭლეულის საგანძურს.
- 16დადანაშაულდება სამარია, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან! აიკუწებიან მისი ბავშვები და გაიფატრებიან მისი ორსულნი.
იტვირთება შემდეგი თავი