ოსია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1უფლისკენ, შენი ღმერთისკენ მობრუნდი, ისრაელ, რადგან შენი ურჯულოების გამო წაბორძიკდი.
- 2შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.
- 3აშური ვეღარ გვიხსნის. აღარც ცხენებზე შევსხდებით და აღარც ჩვენს ნახელავს ვუწოდებთ ჩვენს ღმერთს, რადგან შენში ჰპოვებს-თქო წყალობას ობოლი.
- 4განვკურნავ მათი განდგომისგან, შევიყვარებ მათ ჩემი ნებით, რადგან მოექცა მათგან ჩემი რისხვა.
- 5ნამივით ვიქნები ისრაელისთვის, გაიფურჩქნება შროშანივით და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.
- 6ყლორტებს გამოიყრის და იქნება მშვენიერი ზეთისხილივით და სურნელოვანი ლიბანივით.
- 7დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომნი, ხორბლის მარცვალივით გაცოცხლდებიან და ვაზივით აყვავდებიან. ლიბანის ღვინოსავით გაითქვამენ სახელს.
- 8იტყვის ეფრემი: რაღა მესაქმება კერპებთან? მე ვუპასუხებ და ვიზრუნებ მასზე. ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემში იპოვით ნაყოფს.
- 9ვინც ბრძენია გაიაზრებს ამას, ვინც გონიერია - მიხვდება. ვინაიდან მართებულია გზები უფლისა - მართალნი ივლიან მათზე, მეამბოხენი კი დაეცემიან!