ოსია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 2

  1. 1
    მიმართეთ თქვენს ძმებს: "ჩემო ხალხო”; თქვენს დებს: "შეწყალებულნო”.
  2. 2
    "ედავეთ დედათქვენს, ედავეთ, რადგან არ არის ის ჩემი ცოლი და არც მე ვარ მისი ქმარი; მოიშოროს სიძვა სახიდან და გარყვნილება - მკერდიდან.
  3. 3
    თორემ გავაშიშვლებ და გამოვამზევებ, როგორც შობის დღეს იყო. უდაბნოდ ვაქცევ და გამომშრალ მიწასავით წყურვილით მოვკლავ.
  4. 4
    არ შევიწყალებ მის შვილებს, ვინაიდან სიძვის შვილები არიან.
  5. 5
    რადგან იმრუშა მათმა დედამ, სირცხვილში დაორსულდა; ამბობდა: წავყვები ჩემს საყვარლებს და მომცემენ ჩემს წილ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელსო.
  6. 6
    ამიტომ, აჰა, გადავუღობავ გზას ნარ-ეკლით, ზღუდეს ავაგებ და ვეღარ მიაგნებს თავის ბილიკებს.
  7. 7
    გაეკიდება თავის საყვარლებს, მაგრამ ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს და ვეღარ იპოვნის; იტყვის: წავალ, პირველ ქმარს დავუბრუნდები, რადგან მაშინ უკეთესად ვიყავი, ვიდრე ახლა ვარო.
  8. 8
    ის კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მარცვლეულს, მაჭარსა და ზეთს, ვუმრავლებდი ვერცხლსა და ოქროს, ბაყალს რომ ახარჯავდა.
  9. 9
    ამიტომ უკან წავიღებ ჩემს მარცვლეულს თავის დროზე და ჩემს მაჭარს თავის ჟამს; წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც იფარავდა სიშიშვლეს.
  10. 10
    ახლა გამოვამზეურებ მის სირცხვილს მისი საყვარლების თვალწინ და ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
  11. 11
    ბოლოს მოვუღებ ყველა მის ლხინს, ზეიმს, ახალმთვარობებს, შაბათებსა და ყველა დღესასწაულს.
  12. 12
    გავატიალებ მის ვაზსა და ლეღვს, რომ ამბობს: ჩემი საზღაურია, ჩემმა საყვარლებმა რომ მომცესო! ტყედ გადავაქცევ და მინდვრის მხეცები შეჭამენ.
  13. 13
    მოვკითხავ იმ დღეებს, ბაყალებს რომ უკმევდა; საყურეებითა და სამკაულებით რომ ირთვებოდა და თავის საყვარლებს დასდევდა კუდში, მე კი მივიწყებდა!” - ამბობს უფალი.
  14. 14
    "ამიტომ მოვხიბლავ და წავიყვან უდაბნოში, სადაც გულითადად დაველაპარაკები.
  15. 15
    მივცემ იქ თავის ვენახებს და ყაქორის ხეობას - როგორც იმედის ზღურბლს; იმღერებს იქ, როგორც სიყმაწვილის დღეებში, ეგვიპტის ქვეყნიდან მისი გამოსვლის დღეს.
  16. 16
    და იქნება იმ დღეს - ამბობს უფალი - დამიძახებ: ’ჩემო ქმარო!’ და აღარ დამიძახებ ‘ჩემო ბაყალო!’
  17. 17
    მოვაცილებ ბაყალთა სახელებს მის ბაგეებს და აღარ იქნება ხსენებული მათი სახელები.
  18. 18
    აღთქმას დავუდებ იმ დღეს მათთვის ველის ცხოველებს, ცის ფრინველებსა და მიწის ქვეწარმავლებს; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილსა და ომებს და უსაფრთხოდ დაწვებიან.
  19. 19
    საუკუნოდ დაგნიშნავ ჩემზე, დაგნიშნავ სიმართლეში და სამართალში, მადლსა და წყალობაში.
  20. 20
    დაგნიშნავ ჩემს ერთგულებაში და შეიცნობ უფალს.
  21. 21
    იმ დღეს ვუპასუხებ! - ამბობს უფალი ღმერთი - ცებს ვუპასუხებ, ისინი კი მიწას უპასუხებენ.
  22. 22
    გამოეხმაურება მიწა მარცვლეულს, მაჭარსა და ზეთს და ისინიც გაეხმიანებიან იზრეყელს.
  23. 23
    დავთესავ მას ჩემთვის მიწაზე, შევიწყალებ არაშეწყალებულთ და ვეტყვი არა ჩემს ხალხს: "ჩემი ხალხი ხარ”, ის კი მეტყვის: "ჩემი ღმერთი ხარ!”
იტვირთება შემდეგი თავი