ოსია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელის ძენო; რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მცხოვრებლებთან, ვინაიდან არ არის ერთგულება, არ არის მოწყალება და არ არის ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.
- 2ცრუ ფიცი, მკვლელობა, ქურდობა და მრუშობა გახშირდა; სისხლის ღვრა სისხლის ღვრას მოსდევს.
- 3ამის გამო გლოვობს მიწა და ღონემიხდილია ყველა მცხოვრები მასში, ველის ცხოველებთან და ცის ფრინველებთან ერთად, ზღვის თევზებიც იღუპებიან.
- 4ნურავინ იდავებს და ნურც ამხელს კაცს, რადგან შენი ხალხი მღვდელთან მოდავეებს ჰგავს.
- 5და დაეცემი შენ დღისით, ღამით კი _ წინასწარმეტყველიც, შენთან ერთად; და გავანადგურებ დედაშენს.
- 6ცოდნის უქონლობის გამო იღუპება ჩემი ხალხი, რაკი უკუაგდე ცოდნა, მეც უკუგაგდებ ჩემი მღვდლობიდან; ვინაიდან დაივიწყე შენი ღმერთის რჯული, მეც დავივიწყებ შენს ძეებს.
- 7რაც უფრო გამრავლდნენ, მით უფრო მცოდავენ, სირცხვილად ვაქცევ მათ დიდებას!
- 8ჩემი ხალხის ცოდვებით იკვებებიან და მათ უკეთურებაში ნეტარებენ.
- 9რაც ხალხს მოუვა, ის მოეწევა მღვდელსაც; მოვკითხავ მათ მათი გზებისამებრ და მათი ნამოქმედარისამებრ მივუზღავ!
- 10შეჭამენ და ვერ გაძღებიან, იმრუშებენ და ვერ გამრავლდებიან, ვინაიდან მიატოვეს უფლის სამსხვერპლო.
- 11სიძვამ, ღვინომ და მაჭარმა წარიტაცა მათი გული.
- 12ჩემი ხალხი ხეს ეკითხება რჩევას და ჯოხი აძლევს პასუხს, რადგან აცდუნა ისინი სიძვის სულმა და იმრუშეს თავისი ღვთისგან განდგომით.
- 13მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და მაღლობებზე უკმევენ მუხის, ალვისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამოა მათი ჩრდილი; ამიტომ იმეძავებენ თქვენი ასულნი და იმრუშებენ თქვენი საპატარძლონი.
- 14არ მოვკითხო თქვენს ასულებს, რომ მეძავობენ და თქვენს საპატარძლოთ, რომ მრუშობენ? თქვენც მათთან ერთად ხართ და ტაძრის მეძავებთან ერთად სწირავთ მსხვერპლს; უმეცარი, მიუხვედრელი ხალხი კი იღუპება!
- 15აკი მეძავობ, ისრაელ! იუდა მაინც ნუ შესცოდავს! ნუ მიხვალ გილგალს და ნუ ახვალ ბეთ-ავენში! ნუ დაიფიცებ, ცოცხალიაო უფალი!
- 16რადგან ურჩი ფურივით ჯიუტია ისრაელი; განა დამწყემსავს მათ უფალი, როგორც კრავებს ტრიალ მინდორზე?
- 17კერპებს მიეკრა ეფრემი, მარტოდ დატოვე იგი!
- 18მჟავეა მათი სასმელი - მრუშობენ, მათმა მთავრებმა მეტად შეიყვარეს უზნეობა.
- 19შეავიწროებს მათ ქარი თავისი ფრთებით და შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლებისა.
იტვირთება შემდეგი თავი