ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1გამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და რტო მისი ფესვისა ნაყოფს გამოიღებს.
- 2და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.
- 3უფლის მოშიშებით აღივსება იგი, არც თავისი შეხედულებისამებრ განსჯის და არც თავისი ყურით გაგონილის მიხედვით ამხელს.
- 4სიმართლით განიკითხავს ღატაკთ და მიუკერძოებლად განიკითხავს ჩაგრულთათვის ქვეყანაზე; თავისი ბაგის კვერთხით დამწყემსავს ქვეყანას და თავისი ბაგეთა მონაბერით წარხოცავს ბოროტს.
- 5სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება - სარტყელი მისი თეძოებისა.
- 6იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.
- 7ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი.
- 8ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს.
- 9არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.
- 10და იქნება იმ დღეს: ნიშნად დადგება ხალხებისთვის იესეს ფესვი და მისკენ იდენენ ერები. დიდებული იქნება სავანე მისი.
- 11იმ დღეს იქნება, რომ უფალი მეორედ გაიწვდის ხელს, რათა გამოისყიდოს თავისი ხალხის ნატამალი, რომელიც აშურსა და ეგვიპტეს, ფათროსსა და ქუშს, ელამსა და შინყარს, ხამათსა და ზღვის კუნძულელებს გადაურჩება.
- 12ნიშანს აამაღლებს ერებისთვის, შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და დაფანტულთ იუდადან - დედამიწის ოთხივე კიდიდან შეაგროვებს.
- 13გაუჩინარდება ეფრემის შური და იუდას შემჭირვებლები ამოწყდებიან; არა, აღარ შეშურდება ეფრემს იუდასი და აღარც იუდა შეაჭირვებს ეფრემს.
- 14დააცხრებიან ფილისტიმელთა კალთებს დასავლეთიდან, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეთ, დამძიმდება მათი ხელი ედომსა და მოაბზე, დაემორჩილებიან ყამონის ძენი.
- 15უფალი ამოაშრობს ეგვიპტის ზღვის ყურეს და ხელს მოუქნევს მდინარეს თავის ძლიერ ქარში, შვიდ ტოტად განშლის მას და ფეხშემოსილთ წარუძღვება ხალხს, როგორც ხმელეთზე.
- 16გაიკვეთება გზა აშურში დარჩენილი მისი ხალხის ნატამალისთვის, როგორც გაიკვეთა ისრაელისთვის, ეგვიპტიდან მისი გამოსვლის დღეს.
იტვირთება შემდეგი თავი