ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს,
- 2რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები.
- 3რაღას იქმთ განკითხვისა და უბედურების დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით დახმარების საძებნად და სად დატოვებთ თქვენს დიდებას?
- 4აღარაფერი დაგრჩებათ გარდა იმისა, რომ ტყვეთა შორის ჩაიკეცოთ და დახოცილთა შორის დაეცეთ. მაგრამ მაინც არ დაცხრება მისი რისხვა და ჯერ კიდევ შემართული იქნება მისი ხელი.
- 5ვაი აშურს, ჩემი რისხვის კვერთხს! არგანი მის ხელში ჩემი რისხვის იარაღია!
- 6უღმერთო ხალხზე ვაგზავნი და ჩემი წყრომის ხალხზე ვუბრძანებ, რომ გაძარცვოს და ნადავლი წამოიღოს, ქუჩის ტალახივით გათელოს ისინი.
- 7მაგრამ ასე არ ფიქრობს იგი და არც ასე გეგმავს თავის გულში, რადგან ცოტა ხალხის განადგურებას და მოსპობას არ ლამობს.
- 8ვინაიდან ამბობს: "განა ჩემი მთავრები ყველანი მეფენი არ არიან?
- 9განა ქარქემიშივით არ არის ქალნო? განა არფადივით არ არის ხამათი? განა დამასკოსავით არ არის სამარია?
- 10აკი მისწვდა ჩემი ხელი კერპების მქონე სამეფოებს, რომლებსაც უფრო მეტი კერპები ჰყავდათ, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიას.
- 11როგორც სამარიასა და მის კერპებს მოვექეცი, განა ისე არ მოვექცევი იერუსალიმსა და მის გამოსახულებებს?”
- 12და იქნება, როცა დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინღა მოინახულებს აშურის მეფის დიდგულობის ნაყოფს და მისი ქედმაღლური მზერის შედეგს.
- 13რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით, ჩემი სიბრძნით და გონიერებით გავაკეთეო ეს; მე გავაუქმე ხალხთა საზღვრები და დავიტაცეო მათი საგანძურები, ძლიერი კაცივით დავამხე მათში მცხოვრებნი.
- 14როგორც ბუდეს, ისე მისწვდა ჩემი ხელი ხალხთა სიმდიდრეს, მიტოვებული კვერცხებივით მოვაგროვეო მთელი ქვეყანა; არავინ იყო ფრთის შემრხევი, პირის გამღები და ხმის ამომღები.
- 15თუ ეტრაბახება ცული მჩეხავს? ხერხი თუ ედიდგულება მხერხავს? განა კვერთხი თავისით აღიმართება? განა ყავარჯენი თავისით გაივლის?
- 16ამიტომ სიმჭლევეს მოავლენს ღმერთი, ცაბაოთ უფალი მის მსუქნებზე და მისი დიდების ქვეშ მწველი ალის მსგავსი ცეცხლი დაინთება.
- 17და იქნება ისრაელის სინათლე ცეცხლად და მისი წმიდა - ალად, იგიზგიზებს და ერთ დღეში შეჭამს მის ძეძვსა და ნარ-ეკალს.
- 18სულით ხორცამდე მოსპობს მისი ტყის დიდებას და მის ნაყოფიერ მინდორს; ავადმყოფი კაცივით გაძვალტყავდება.
- 19მისი ტყე ისე გამეჩხერდება, რომ დარჩენილ ხეებს ყმაწვილიც კი დაითვლის.
- 20და იქნება, იმ დღეს აღარ დაეყრდნობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნაშთი თავის მომსვრელს; ჭეშმარიტად, უფალს, ისრაელის წმიდას დაეყრდნობა.
- 21მიბრუნდება ნაშთი, იაკობის სახლის ნატამალი ძლიერი ღმერთისკენ.
- 22ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს შენი ხალხი, ისრაელ, მხოლოდ მისი ნატამალი მიუბრუნდება. გადაწყვეტილია, რომ უნდა განადგურდეს, სამართლიანობით უნდა წაილეკოს.
- 23რადგან ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა განადგურება, აღასრულებს კიდეც მთელ ქვეყანაზე.
- 24ამიტომ ასე ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი: "ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებო! ნუ გეშინია აშურისა, რომელიც კვერთხით გცემს და ეგვიპტესავით აღუმართავს შენზე არგანი.
- 25რადგან სულ ცოტაც და გადაივლის ჩემი წყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაღუპად შებრუნდება.
- 26აღმართავს მასზე ცაბაოთ უფალი სიკვდილის მათრახს, როგორც ყორების კლდესთან მიდიანის დამარცხებისას; აღიმართება მისი კვერთხი ზღვაზე, როგორც ეგვიპტეში აღმართა.
- 27ასე იქნება იმ დღეს, როცა ჩამოგეხსნება მხრებიდან მისი ტვირთი და ქედიდან მისი უღელი; დაიმსხვრევა უღელი სიმსუქნის გამო.
- 28ყაიათში გადმოვიდა, გადაიარა მიგრონი და მიქმაშში დააწყო საჭურველი.
- 29გაიარა გასასვლელი, ღამე გებაყში გაათია, შეძრწუნებულია რამა, საულის გიბყა გაიქცა.
- 30ხმამაღლა იყვირე, გალიმის ასულო, მოისმინე, ლაიშავ და საბრალო ყანათოთო!
- 31მადმენა გაიქცა, გებიმის მცხოვრებლები თავშესაფარს ეძებენ.
- 32კიდევ ერთ დღეს ნობში დადგება, მუშტს დაუქნევს სიონის ასულის მთას და იერუსალიმის მაღლობს.
- 33აჰა, ღმერთი, ცაბაოთ უფალი, საშინლად ლეწავს ტოტებს, ტანმაღალნი მოიკვეთებიან და ქედმაღალნი დაემხობიან.
- 34რკინით გაჩეხავს უღრან ტყეს და დასცემს ლიბანს ძლევამოსილი.
იტვირთება შემდეგი თავი