ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1ამიტომ აღარ იქნება წყვდიადი ჩაგრულთათვის; თუმცა პირვანდელ ჟამს დამცირდა ზებულუნისა და ნაფთალის ქვეყანა, უკანასკნელ ჟამს განდიდდება ზღვის გზა იორდანეს გაღმა და წარმართთა გალილეა.
- 2დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ.
- 3შენ გაამრავლე ერი და გული გაუმხიარულე; შენ წინაშე ხარობდნენ ისინი, როგორც მოსავლის აღებისას ხარობენ, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას.
- 4როგორც მიდიანის დღეს, ისე დაამსხვრიე მისი მძიმე უღელი, კვერთხი მის მხრებზე და მისი მჩაგვრელის მათრახი.
- 5რადგან მეომრის ყოველი ფეხსაცმელი და სისხლით გაჟღენთილი სამოსელი ცეცხლის კერძი გახდება.
- 6რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.
- 7განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.
- 8სიტყვა გაუგზავნა უფალმა იაკობს და ისრაელზე მოვიდა იგი.
- 9გაიგებს ხალხი, მთელი ეფრემი და მცხოვრებნი სამარიისა, სიამაყითა და დიდგულობით მთქმელნი:
- 10"აგურები დაცვივდა, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ; ნეკერჩხალი გაიჩეხა, კედარით შევცვლითო”.
- 11ამიტომ გააძლიერებს უფალი მის წინააღმდეგ რეცინის შემჭირვებლებს და წააქეზებს მის მტრებს:
- 12არამელთ აღმოსავლეთიდან და ფილისტიმელთ დასავლეთიდან და სიხარბით შთანთქავენ ისრაელს, მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, ჯერ კიდევ შემართული იქნება მისი ხელი.
- 13ხალხიც არ მიუბრუნდა თავის მომსვრელს და ცაბაოთ უფალი არ მოიძია.
- 14ერთ დღეს წააცლის უფალი ისრაელს თავსა და კუდს, რტოსა და ღეროს.
- 15უხუცესი და დიდებული - თავია, წინასწარმეტყველი კი სიცრუეს რომ ასწავლის - კუდი.
- 16აცდენენ ამ ხალხს მათი წინამძღოლნი და, ვინც მათ მიყვება შთაინთქმებიან.
- 17ამიტომ არ ახარებს უფალს მათი ყმაწვილები და არც ქვრივ-ობლებს სწყალობს, ვინაიდან ყველა ურჯულო და ავის მქმნელია; უკეთურად მოლაპარაკეა ყოველი ბაგე; არც მისი რისხვა შებრუნდება და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.
- 18ვინაიდან ცეცხლივით გიზგიზებს ბოროტება, შთანთქავს ნარ-ეკალს, კვრინჩხსა და ჯაგნარს, ტყის უღრანს წაეკიდება და ამოიმართება კვამლის სვეტები.
- 19გადაიბუგა ქვეყანა ცაბაოთ უფლის წყრომისგან და ცეცხლის კერძად იქცა ხალხი, ისე, რომ კაცი თავის ძმას აღარ ინდობს.
- 20მოჰკვეთს მარჯვნივ და მშიერი დარჩება, შეჭამს მარცხნივ და ვერ გაძღება; თითოეული თავის მკლავის ხორცს შეჭამს;
- 21მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს და ორივე ერთად იუდას წინააღმდეგ. მაინც არ შებრუნებულა მისი რისხვა და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.
იტვირთება შემდეგი თავი