ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ:
- 2ციცაბო მთაზე აამაღლეთ ნიშანი, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ წარჩინებულთა ჭიშკრებით.
- 3მე ვუბრძანე ჩემთვის განკუთვნილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს მამაცთ, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ, ჩემი რისხვის აღსასრულებლად.
- 4ჩოჩქოლის ხმაა მთებში, თითქოს მრავალრიცხოვანი ხალხისგან, ერთად შეკრებილ სამეფოთა ერების ხმაური; ცაბაოთ უფალი საბრძოლო ლაშქარს ათვალიერებს.
- 5შორი ქვეყნიდან მოდიან ისინი, ცის კიდეებიდან, უფალი და ჭურჭელი მისი მრისხანებისა - მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.
- 6იტირეთ, რადგან ახლოსაა უფლის დღე; მოვა, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან.
- 7ამიტომაც მოდუნდება ყველა მკლავი და ყველა ადამიანის გული შედრკება.
- 8შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობთ მშობიარესავით, გაოგნებულნი მიუტრიალდებიან ერთიმეორეს, ცეცხლის ალივით აენთებათ სახეები.
- 9აჰა, მოდის უფლის დღე, სასტიკი მძვინვარებისა და მგზნებარე რისხვისა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და ცოდვილნი წარხოცოს მისგან.
- 10რადგან ცის ვარსკვლავნი და თანავარსკვლავედნი აღარ გამოაბრწყინებენ თავიანთ სინათლეს, წყვდიადი იქნება მზის ამოსვლისას, მთვარე აღარ მოაფენს თავის სინათლეს.
- 11მოვინახულებ ქვეყნიერებას ბოროტების გამო და ბოროტეულთ - მათი უმართლობის გამო; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა სიამაყეს და მტარვალთა ქედმაღლობას დავამცირებ.
- 12კაცს ბაჯაღლოზე ძვირფასად ვაქცევ და ადამიანს - ოფირის ოქროზე.
- 13ამის გამო ცა ათრთოლდება და დედამიწა შეირყევა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს.
- 14თითოეული დევნილი ქურციკივით იქნება და შემგროვებლის გარეშე დარჩენილი დაფანტული ცხვარივით; თავ-თავიანთ ხალხებს მიუბრუნდებიან და ყველა თავის ქვეყანაში გაიქცევა.
- 15ვისაც იპოვიან - განიგმირება, ვისაც დაიჭერენ - მახვილისგან დაეცემა.
- 16მათი შვილები მათივე თვალწინ აიკუწებიან, მათი სახლები გაიძარცვება, ცოლებს პატივს აჰყრიან.
- 17აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ეამებათ.
- 18მათი მშვილდები ყმაწვილებს გააპობენ; მუცლის ნაყოფსაც არ შეიბრალებენ და ბავშვებს არ დაზოგავს მათი თვალი.
- 19და იქნება ბაბილონი, სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა სიამაყის შარავანდედი - ღვთის მიერ დამხობილი სოდომსა და გომორასავით.
- 20აღარასოდეს აშენდება იგი და აღარ იცხოვრებენ მასში თაობიდან თაობამდე; არც არაბი გაიშლის იქ კარავს და აღარც მწყემსები წამოაწვენენ იქ თავის ფარას.
- 21წამოწვებიან იქ უდაბნოს ნადირნი, მათი სახლები ჭოტებით გაივსება, სირაქლემები დასახლდებიან და ველური თხები იხტუნებენ იქ.
- 22აფთარნი იღმუვლებენ დაქცეულ სასახლეებში და ტურები დაიწყებენ კივილს საზეიმო დარბაზებში; მალე დადგება მისი ჟამი და მისი დღეები არ გაგრძელდება.
იტვირთება შემდეგი თავი