ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან.
- 2აიყვანენ მათ ხალხები, მოიყვანენ თავიანთ ადგილზე და დაიმკვიდრებს მათ ისრაელის სახლი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, თავიანთ დამატყვევებლებს დაატყვევებენ და თავიანთ მჩაგვრელებზე გაბატონდებიან.
- 3და იქნება: იმ დღეს, როცა მოგასვენებს უფალი შენი ტკივილისგან, შფოთისა და ჯაფისაგან, რომლითაც იტანჯებოდი,
- 4მაშინ წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: "როგორ შეაჩერეს მოძალადე, როგორ აღიკვეთა ჩაგვრა.
- 5შემუსრა უფალმა ბოროტეულთა არგანი, დაამსხვრია ხელმწიფეთა კვერთხი.
- 6რისხვით რომ მუსრავდა ხალხებს უკურნებელი წყლულებით, ბრაზით იმორჩილებდა ერებს და დაუოკებლად დევნიდა მათ.
- 7დაწყნარდა და დამშვიდდა მთელი ქვეყანა, ხმამაღლა ყიჟინებს.
- 8კვიპაროსებიც შემოგხარიან და ლიბანის კედრებიც - რაც ძირს განერთხე, ხის მჭრელი აღარ მოსულა ჩვენთან.
- 9შავეთი, ქვესკნელი შეიძრა შენს შესახვედრად, შენი მოსვლისას; გამოაღვიძა შენთვის აჩრდილნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; ხალხთა მეფენი წამოაყენა თავ-თავისი ტახტებიდან.
- 10მოგიგებს ყველა და გეტყვის: შენც ჩვენსავით დაუძლურდი და ჩვენ დაგვემსგავსე.
- 11ქვესკნელს ჩაეშვა შენი ბრწყინვალება და შენი ებნების ხმა; ქვეშ მატლი გიგია და ზედ ჭიაღუა გახურავს.
- 12როგორ ჩამოვარდი ციდან, მნათობო, ძეო განთიადისა; მიწამდე ჩამოემხე, ერთა დამძაბუნებელო.
- 13გულში ამბობდი: "ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე.
- 14ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!”
- 15თუმცაღა ქვესკნელში იქნები ჩაგდებული, შავეთის ჯურღმულებში.
- 16დაგაკვირდებიან შენი დამნახავნი და ჩაფიქრდებიან - ესაა ის კაცი, მიწას რომ ათრთოლებდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა,
- 17ქვეყნიერებას რომ აუდაბურებდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს არ ათავისუფლებდა ტყვეობის სახლიდან?
- 18ხალხების მეფეები დიდებაში განისვენებენ, თავ-თავიანთ სამყოფელში.
- 19შენ კი უსამაროდ ხარ დატოვებული, გადაგდებული, როგორც საძაგელი ლერწი, შემოსილი ხარ მახვილით დახოცილებით, რომლებსაც ქვის ორმოებში ყრიან; გათელილ გვამს ჰგავხარ.
- 20მათთან ერთად ვერ დაიმარხები, რადგან ააოხრე შენი ქვეყანა და გაჟლიტე შენი ხალხი; ბოროტმოქმედთა თაობა, ნუმც მოიხსენება საუკუნოდ.
- 21სასაკლაო გაამზადეთ მისი შვილებისთვის, მათი მამების ურჯულოების გამო, რათა არ აღდგნენ, არ დაიპყრონ ქვეყანა და მღელვარებით არ აავსონ მიწის ზედაპირი.
- 22"აღვდგები მათ წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - და მოვკვეთ ბაბილონის სახელს, მისი მონაგარისა და შთამომავლობის მონარჩენს!” - ამბობს უფალი.
- 23"მაჩვზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ ვაქცევ და განადგურების ცოცხით გავხვეტ!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 24დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: "როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება, როგორც განვიზრახე, ისე აღსრულდება.
- 25ჩემს მიწაზე შევმუსრავ აშურს და ჩემს მთებზე გავთელავ მას; გადაიგდება მათგან მისი უღელი და მისი ტვირთი ჩამოეხსნებათ მხრებიდან”.
- 26ეს არის განაჩენი, მთელი ქვეყნის მიმართ გამოტანილი და, ეს არის, ხელი მოღერებული ყველა ხალხზე.
- 27რადგან გადაწყვიტა ცაბაოთ უფალმა და ვინ დაარღვევს? ხელი შემართა და ვინ შეაბრუნებს?
- 28მეფე ახაზის სიკვდილის წელს იქნა ეს წარმოთქმული.
- 29ნუ გიხარიათ, ფილისტიმელნო, თქვენი მგვემელი კვერთხის დამსხვრევა, რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველი იქნება.
- 30უმწეოთა პირმშონი გამოიკვებებიან და გაჭირვებულნი უსაფრთხოდ წამოწვებიან; შიმშილით გავანადგურებ შენს ფესვს და გავჟლეტ შენს მონარჩენს.
- 31იქვითინე, კარიბჭევ! იტირე, ქალაქო! მთლიანად დადნები, ფილისტიმო, რადგან ჩრდილოეთიდან მოდის კვამლი და არავინ ჩამორჩება მის ბანაკს.
- 32რა პასუხს გასცემს ხალხთა წარგზავნილთ? რომ უფალმა დააფუძნა სიონი და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ხალხის ჩაგრულნი”.
იტვირთება შემდეგი თავი