ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1დამასკოს განაჩენი: "აჰა, ქალაქი აღარ იქნება დამასკო, არამედ მხოლოდ ნანგრევთა გროვა.
- 2მიტოვებულია ყაროყერის ქალაქები, ცხვრის ფარებისთვის იქნებიან; წამოწვებიან და არავინ იქნება მათი დამაფრთხობელი.
- 3აღიგვება ეფრემის სიმაგრე და დამასკოს ხელმწიფება, ისრაელის ძეთა დიდებასავით დაემხობა არამის ნარჩენი!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 4და იქნება იმ დღეს: დაილევა იაკობის დიდება და ჩამოუხმება ხორცი.
- 5იქნება სამკალის მომკასავით, როგორც მომკელი ხვეტს თავთავებს მკლავით რეფაიმის ხეობაში.
- 6დარჩება მცირე ნაყოფი, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ რჩება: ორი, სამი მარცვალი კენწეროზე, ოთხი, ხუთი - რტოებზე”. - ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი.
- 7იმ დღეს მიაპყრობს ადამიანი მზერას თავის შემოქმედს და მისი თვალები ისრაელის წმიდას იხილავენ.
- 8აღარ გაიხედავს საკუთარი ხელით ნაკეთები სამსხვერპლოებისკენ, მისმა თითებმა რომ გააკეთეს; აღარც აშერებსა და მზის სვეტებს მიხედავს.
- 9გაუდაბურდება იმ დღეს მისი გამაგრებული ქალაქები, უღრან ტყეს დაემსგავსება, ისრაელის ძეებმა რომ მიატოვეს, და იქნება უკაცრიელი.
- 10რადგან დაივიწყე შენი ხსნის ღმერთი და არ გახსოვდა შენი თავშესაფრის კლდე; დაირგე საამური ნარგავები და გაიშენე უცხო ვენახი.
- 11დარგე და ზრუნავდი მასზე დილაობით, რომ ადრიანად გაფურჩქნულიყო ნერგი, მაგრამ ავადმყოფობას, ტკივილსა და უკურნებელ სენს მოიმკი იმ დღეს.
- 12ჰოი, ხმაური მრავალი ხალხებისა, რომლებიც ზღვასავით ხმაურობენ; ვაი, ღრიალი ტომთა, ვითარცა ღრიალი ადიდებული წყლებისა.
- 13აღრიალდებიან ტომები, როგორც ღრიალებენ წყალნი მრავალნი, მაგრამ შერისხავს და შორს გააქცევს მათ; გაიხვეტებიან მთებში ქარის მიერ მიმოტაცებული ჩენჩოსავით დევნილნი.
- 14საღამო ჟამია და აჰა, ძრწოლაა! გათენებამდე ვეღარ გაძლებს იგი. ასეთი იქნება ჩვენი მძარცველების წილი და ჩვენი გამღატაკებლების ხვედრი.
იტვირთება შემდეგი თავი