ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1ვაი ფრთიანი გემების ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა.
- 2ზღვით რომ აგზავნის ელჩებს, წყალზე მოცურავე ლერწმის ნავებით; წადით, მკვირცხლო მოციქულნო, მაღალ და პირტიტველ ერთან, ძველთაგან დღემდე საშიშარ ხალხთან, ძლევამოსილ და დამთრგუნველ ერთან, რომლის ქვეყანასაც მდინარეები სერავენ.
- 3ქვეყნიერების ყველა მცხოვრებნო და მიწის ბინადარნო, როცა ნიშანი აღიმართება მთებზე - დაინახეთ; როცა საყვირი ახმიანდება - ყურად იღეთ.
- 4რადგან ასე მითხრა უფალმა: "მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამკვიდროდან, როგორც შუადღის ხვატის სინათლე და როგორც ნამის ღრუბელი მკის პაპანაქებაში”.
- 5რადგან რთველის წინ, როცა ყველაფერი აყვავდება და ყვავილი მომწიფებულ ნაყოფად იქცევა, დანით აკაფავს იგი ყლორტებს და გაშვერილ ლერწებს მოაშორებს.
- 6ყველაფერი მთის მტაცებელ ფრინველებსა და მიწის ველურ მხეცებს დარჩებათ; დაიზაფხულებენ მასზე მტაცებელი ფრინველები და მიწის ყველა მხეცი იქ გამოიზამთრებს.
- 7იმ დღეს ძღვენს მიუტანენ ცაბაოთ უფალს მაღალი და პირტიტველი ხალხისგან, ძველთაგან დღემდე საშიშარი ხალხისგან, ძლევამოსილი და დამთრგუნველი ერისგან, რომლის ქვეყანასაც მდინარენი სერავენ - ცაბაოთ უფლის ადგილზე, სიონის მთაზე.
იტვირთება შემდეგი თავი