ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 28

  1. 1
    ვაი მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის.
  2. 2
    აჰა, უფლის ძლიერი, მაგარი, თავსხმა სეტყვასავით და წყლის მჩქეფარე ნიაღვრებივით დამღუპველი გრიგალი, მიწაზე რომ ანარცხებს ხელით.
  3. 3
    ფეხით გაითელება მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინი.
  4. 4
    მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი, ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის, ზაფხულის დადგომამდე დამწიფებული პირველნაყოფივით იქნება, რომელსაც დაინახავს თუ არა მნახველი, აიღებს და გადაყლაპავს.
  5. 5
    იმ დღეს, ცაბაოთ უფალი გახდება მშვენების გვირგვინი და დიდების ჯიღა თავისი ერის ნატამალისთვის.
  6. 6
    სამართლის სული - სამსჯავროში მსხდომთათვის და ძალა - კარიბჭიდან თავდამსხმელთა მომგერიებელთათვის.
  7. 7
    ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და მაგარი სასმლისგან ირხევიან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს მაგარი სასმელი აბარბაცებთ, აირივნენ ღვინისგან, ბარბაცებენ მაგარი სასმელისგან, ხილვის დროს ირხევიან, განკითხვისას ბორძიკობენ.
  8. 8
    ვინაიდან ყოველი სუფრა ბინძური ნარწყევით გაივსო, სუფთა ადგილი აღარ დარჩა.
  9. 9
    ვის უნდა მისცეს ცოდნა და ვის უნდა განუმარტოს უწყება? რძეს მოწყვეტილთ და ძუძუს მოსხლეტილთ?
  10. 10
    რადგან მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ.
  11. 11
    დიახ, ლუღლუღა ბაგეებით და უცხო ენით დაელაპარაკება ამ ხალხს.
  12. 12
    ეუბნებოდნენ მათ: "აჰა, მოსვენება; მიეცით დაქანცულს მოსვენება, აჰა, სიმშვიდე”, მაგრამ არ უნდოდათ მოსმენა.
  13. 13
    ასეთი იქნება მათთვის უფლის სიტყვა: მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ, რომ წავიდნენ და გულაღმა დაეცნენ, დაილეწონ, მახეში გაებნენ და დატყვევდნენ.
  14. 14
    ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, დამცინავო კაცებო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში.
  15. 15
    რადგან ამბობდით: "აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით ქვესკნელთან; როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - სამალავად”.
  16. 16
    ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვას დავაფუძნებ სიონში, გამონაცად ქვას, ძვირფას ქვაკუთხედს, საიმედო საძირკველს და მასზე მინდობილს შიში ვერ ააჩქარებს.
  17. 17
    სამართალს დავდებ საზომად და სიმართლეს - საწონად, სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წალეკავს სიცრუის სამალავს.
  18. 18
    გაუქმდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და ვერ გაძლებს თქვენი კავშირი ქვესკნელთან. და როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით.
  19. 19
    რამდენჯერაც არ უნდა ჩამოიაროს, შეგიპყრობთ; ყოველ დილით ჩამოივლის. დღისით და ღამით; მისი ამბის გაგონებაზეც კი ძრწოლა შეგიპყრობთ.
  20. 20
    მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და საბანი - ვიწრო, მასში გასახვევად,
  21. 21
    რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე აღდგა, შეიძრება, როგორც გაბაონის ხეობაში შეიძრა, რათა აღასრულოს თავისი განზრახვა, უჩვეულო მიზანი; შეასრულოს თავისი საქმე, საქმე - უცნაური.
  22. 22
    ახლა კი, მოეშვით დაცინვას, თორემ განმტკიცდება თქვენი ბორკილები, რადგან მთელი ქვეყნის განადგურების ამბავი მოვისმინე ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან.
  23. 23
    ყური დაუგდეთ და უსმინეთ ჩემს ხმას, ყურად იღეთ და გაიგონეთ ჩემი ნათქვამი.
  24. 24
    განა ყოველდღე ხნავს მხვნელი დასათესად, განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს მიწას?
  25. 25
    განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მოფანტავს შავკაკალას და კვლიავს მიმოყრის, ხორბალს რიგებად თესავს და ქერს თავის ადგილზე ჰყრის, ჭვავს კი ყანის კიდეებზე ათავსებს.
  26. 26
    ღმერთმა დამოძღვრა იგი, სწორად ასწავლა მას.
  27. 27
    რადგან კევრით არ ლეწავენ შავკაკალას და ურმის თვალს არ ატარებენ კვლიავზე; რადგან კეტით ბერტყავენ შავკაკალას და ჯოხით - კვლიავს.
  28. 28
    ლეწავენ საპურე ხორბალს, თუმცა ბოლომდე არ ნაყავენ; რადგან ურმის თვალი და ცხენები, ასე თუ გაგრძელდა, გააფუჭებენ მას, ამიტომ ჩერდება და აღარ ლეწავს.
  29. 29
    ესეც ცაბაოთ უფლისგანაა; საკვირველია მისი რჩევა და დიადი - მისი სიბრძნე.
იტვირთება შემდეგი თავი