ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 29

  1. 1
    ვაი, არიელ, არიელ, ქალაქო სადაც დავითი დაბანაკდა! წელიწადს წელიწადი მიამატეთ, დაკალით და იდღესასწაულეთ.
  2. 2
    შევაჭირვებ არიელს და იქნება ურვასა და ტირილში და იქნება ის ჩემთვის, როგორც არიელი - დიდი სამსხვერპლოს საცეცხლური.
  3. 3
    შენს ირგვლივ დავბანაკდები, სანგარს შემოგავლებ და გოდოლებს აღვმართავ.
  4. 4
    მიწამდე დამცირდები, მტვრიდან ილაპარაკებ და ყრუდ გამოვა შენი ნათქვამი მუცლით მეზღაპრის ხმასავით და მტვრიდან იჩურჩულებს შენი ნათქვამი.
  5. 5
    თხელი მტვერივით იქნება შენი მტრების სიმრავლე და ქარით ატაცებულივით - დაუნდობელთა სიმრავლე; მოულოდნელად, მყისიერად მოხდება ეს.
  6. 6
    ქუხილით მოგინახულებს ცაბაოთ უფალი - მიწისძვრითა და დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და მშთანმთქმელი ცეცხლის ალით.
  7. 7
    სიზმარივით იქნება და ღამის ხილვასავით არიელის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხების სიმრავლე; ყველა, ვინც ამხედრებულა მის წინააღმდეგ და მისი სიმაგრეების წინააღმდეგ, მისი შემაწუხებელნი.
  8. 8
    და იქნება, როგორც მშიერს ესიზმრება, თითქოს ჭამს, გამოიღვიძებს და ცარიელი აქვს სტომაქი; როგორც მწყურვალს ესიზმრება, თითქოს სვამს, გამოიღვიძებს და გასავათებულია, სწყურია მის სულს; ასე მოუვა ყველა ხალხს, სიონის მთის წინააღმდეგ მებრძოლთ.
  9. 9
    შეჩერდით და გაოცდით, თავი დაიბრმავეთ და ბრმანი იყავით. მთვრალნი არიან, მაგრამ არა ღვინით, ირწევიან, თუმცა არა მაგარი სასმელისგან.
  10. 10
    რადგან ძილქუშის სული გადმოღვარა თქვენზე უფალმა და თვალები დაგიხუჭათ - თქვენი წინასწარმეტყველნი და თავები დაგიფარათ - თქვენი მხილველნი.
  11. 11
    ყოველი ხილვა დალუქული წიგნის სიტყვებივით გაგიხდათ, რომელსაც აძლევენ წერა-კითხვის მცოდნეს და ეუბნებიან: "წაიკითხე”. მაგრამ ის ამბობს: "არ შემიძლია, ვინაიდან დალუქულია იგი”.
  12. 12
    მისცემენ წიგნს წერა-კითხვის უცოდინარს და ეტყვიან: "წაიკითხე”. მაგრამ პასუხობს იგი "არ ვიცი კითხვა”.
  13. 13
    და თქვა უფალმა: "იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.
  14. 14
    ამიტომ, აჰა, კვლავ მოვიმოქმედებ საოცრებებს ამ ხალხში, ნიშნებსა და სასწაულებს მოვახდენ, და დაიკარგება სიბრძნე მისი ბრძენკაცებისა და დაიმალება გონიერთა გონება”.
  15. 15
    ვაი მათ, ვინც უფლისგან გულის სიღრმეში მალავენ ზრახვებს, სიბნელეში აქვთ საქმენი და ამბობენ: "ვინ გვხედავს ან ვინ გვიცნობს?”
  16. 16
    თქვენ გააუკუღმართეთ ყველაფერი! განა მექოთნე თიხის თანასწორად ჩაითვლება? ნუთუ ნივთი თავის გამკეთებელზე იტყვის, მას არ გავუკეთებივარო? ქმნილება თუ იტყვის თავის შემქმნელზე: მას რა გაეგებაო?
  17. 17
    კიდევ ცოტაც, ძალიან ცოტაც და ნაყოფიერ მინდვრად იქცევა ლიბანი. ხოლო ნაყოფიერი მინდორი ტყედ გადაიქცევა.
  18. 18
    მოისმენენ იმ დღეს ყრუნი წიგნის სიტყვებს და დაინახავენ ბრმათა თვალები წყვდიადიდან და სიბნელიდან.
  19. 19
    წამებულნი უფრო მეტ სიხარულს ჰპოვებენ უფალში, ადამიანთაგან შეჭირვებულნი ისრაელის წმიდაში გაიხარებენ.
  20. 20
    რადგან გადავა დაუნდობელი და გაქრება აბუჩად ამგდები, მოიკვეთებიან გულმოდგინენი ურჯულოებაში.
  21. 21
    სიტყვით რომ აცთუნებენ ადამიანს, მახეს რომ უგებენ კარიბჭესთან მამხილებელს და ამაოებისკენ ახვევინებენ მართალს.
  22. 22
    ამიტომ ასე ამბობს უფალი, აბრაჰამის გამომსყიდველი, იაკობის სახლზე: "აღარ იქნება იაკობი შერცხვენილი და აღარ გაუფითრდება სახე.
  23. 23
    როცა იხილავს თავის შვილებს, ჩემი ხელის ნაყოფთ მის წიაღში, წმიდად ჰყოფენ ჩემს სახელს, დიახ, წმიდად ჰყოფენ იაკობის წმიდას და ისრაელის ღმერთის შიში ექნებათ.
  24. 24
    მაშინ, თავიანთ გონებაში ცთომილნი ჭეშმარიტებას შეიცნობენ და მობუზღუნენი მოძღვრებაში გაიწაფებიან".
იტვირთება შემდეგი თავი